თბილისში ყოფილ მეუღლეს დანით ყელი გასჭრეს — ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს
თბილისის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ტვ პირველის ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი მოტყუებით სახლში შეიყვანა, სადაც საკანცელარიო დანით ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. 30 წლის ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. თვითმხილველთა ცნობით, ბრალდებული ყოფილ მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა, რაც განქორწინების მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისანი-სამგორის სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის „კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.