თბილისის ჩუღურეთში კრიმინალმა მოქალაქე და პოლიციელი დაჭრა — ორივე კლინიკაშია
თბილისის ჩუღურეთის რაიონში კრიმინალმა ჯერ მოქალაქეს, შემდეგ კი პატრულ-ინსპექტორს დანა ჩასცა — ორივე დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთში გამოძახებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული კაცი, რომელსაც იქვე მყოფი მოქალაქისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის დევნას განაგრძობდა. პოლიციელებმა კაცს მოუწოდეს შეეჩერებინა, მაგრამ ის სამართალდამცველებსაც თავს დაესხა — ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს სახის არეში ჭრილობები მიაყენა.
დანაშავების შემდეგ კაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაც.
დაჭრილი მოქალაქე და დაშავებული ინსპექტორი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით კლინიკაში გადაიყვანეს. ორივეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით — ბრალდება 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.