პოლიტიკა
26 მაისიდან თბილის-ბაქოს მატარებელი ყოველდღიურ მიმოსვლას განაახლებს — კობახიძე ალიევს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ვიზიტის მთავარი შედეგია ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლის ყოველდღიური მიმოსვლის განახლება 26 მაისიდან, 6-წლიანი შესვენების შემდეგ.
ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთიც სრულ ექსპლუატაციაში შევა. საქართველოს რკინიგზა ოპერირებას უზრუნველყოფს, ხოლო ორ ქვეყანას შორის ერთობლივი საწარმო შეიქმნება.
შეხვედრაზე ასევე გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის შეთანხმებათა პაკეტი:
- 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებასა და სატრანზიტო მიმოსვლაზე;
- 2003 წლის გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20 წლით გახანგრძლივება;
- ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ამოქმედება — მილსადენი ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ოპერირებდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთანხმებები — ჩვენი ურთიერთობებისთვის საეტაპო მნიშვნელობის მატარებელია. ეს უკავშირდება გაზის იმპორტს, გაზის ტრანზიტსა და სოციალური გაზის ახალ ხელშეკრულებას,” — განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.