თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს - რა ვითარებაა წუხანდელი უამინდობის შემდეგ
ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ,,მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე”.
“ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრების გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან ხორციელდება.
უამინდობისა და ელჭექის გამო, მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში. აეროპორტს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და ოპერირება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მგზავრებს ვთხოვთ, ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის გადაამოწმონ მონაცემები შესაბამის ავიაკომპანიასთან ან აეროპორტის საინფორმაციო არხებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო გუშნ სოციალურ ქსელში გავრცელდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეროპორტში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.