თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, “ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად”, ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
“მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე. ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან გამოდიან.
უამინდობისა და ელჭექის გამო, მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში.
აეროპორტს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და ოპერირება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მგზავრებს ვთხოვთ, ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის გადაამოწმონ მონაცემები შესაბამის ავიაკომპანიასთან ან აეროპორტის საინფორმაციო არხებზე” - აცხადებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, “ინტენსიურად მუშაობენ, რათა ჩამოფრენის დარბაზის მომლოდინეთა სივრცეში მუშაობა უმოკლეს ვადაში სრულად განახლდეს”.
ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე საათის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც. მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
“ეს იყო მეტეოროლოგიური კლიმატიდან გამომდინარე. ადგილზე ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და უმოკლეს დროში შეეცდებიან, აღმოფხვრან პრობლემა. უსაფრთხოების გამო მოხდა მოქალაქეების გაყვანა. დენი გაითიშა და მგზავრები გავიყვანეთ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე”, - უთხრეს ინტერპრესნიუსს აეროპორტში.