თბილისში FBI-ის ძებნილი საერთაშორისო დამნაშავე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ძებნილი პირი დააკავა.
კრიმინალური პოლიციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, FBI-სთან ორმხრივი კოორდინაციის შედეგად, განახორციელეს დაკავება. პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
ბრალდებები მოიცავს დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობასა და თანამონაწილეობას, დანაშაულებრივ შეთქმულებას და ფულის გათეთრებას. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ,” — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.