თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
“იმას, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, არავითარი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობის პრინციპთან და სამართლიანი სასამართლოს იდეასთან. ეს არის ქართული ოცნების, ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე” — ასე გამოეხმაურა ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის მისჯას. კომენტარს IPN ავრცელებს.
მისი შეფასებით, სასამართლო პროცესი კონკრეტული დანაშაულის არსებობის ან არარსებობის დადგენას არ ემსახურებოდა და თავიდანვე პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა.
“დღეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე თვიანი ეპოპეის დაგვირგვინება, რომლის მიზანიც არ იყო რაიმე კონკრეტული დანაშაულის არსებობის ან არარსებობის, ამ დანაშაულში რაიმე მოქმედებების განხილვა. ეს იყო სასამართლო პროცესებად წოდებული პროცესები, რომელიც პაპუაშვილის სიტყვების გასამართლება იყო.
პაპუაშვილის, რომელმაც თავის დროზე არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ალეკო ელისაშვილს ტერორიზმში არარსებული ბრალი დააბრალა. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრად წოდებულმა კობახიძემაც იგივე გააკეთა. ფაქტობრივად, განაჩენის წინ რამდენიმე წუთით ადრე, კიდევ ერთხელ ზეწოლა მოახდინა სასამართლო სისტემაზე და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერპრეტაცია დადო განაჩენის სახით. ეს არ არის კანონის უზენაესობა. ეს არის ქართული ოცნების, ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე ზუსტად ისე, როგორც ეს არის ე.წ. საბოტაჟის საქმე, პარტიების აკრძალვის საკითხი ა.შ. ეს არის საქართველოში დემოკრატიის დასამარება,” — განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოფიციალური ბრალდების მიხედვით, პოლიტიკოსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება. აღნიშნული მუხლი ტერორისტულ აქტს (აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა მსგავსი ქმედება) გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ტერორისტული მიზნით და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან იწვევს მძიმე ქონებრივ ზიანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 23 ივნისს ელისაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის, განმარტებით, პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს “ტერორისტი” უწოდა.
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
ალეკო ელისაშვილი : სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები