არტისტი ტეილორ სვიფტის ქორწილში შეგროვებულ ნაგავს ყიდის
ნიუ-იორკში მცხოვრებმა მხატვარმა, ჯასტინ ჟინიაკმა, ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის დღეს, მედისონ სკვერ გარდენთან ნაგავი შეაგროვა.
კოლექცია “ჯიბის ნაგვის“ ონლაინ გაიყიდა მას შემდეგ, რაც მან TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. ნაგვის კუბების ფასი 25 დოლარი (18 ფუნტი) და 100 დოლარი (74 ფუნტი) იყო.
ის, რაც ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენია, ჟინიაკმა სპეციალურ გამჭვირვალე ყუთებში მოათავსა და ახლა თითოეულს 25 დოლარად ყიდის.
ხელოვანის თქმით, ტერიტორია იმაზე სუფთა აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. მიუხედავად ამისა, მან იპოვა უამრავი ბოთლის თავსახური, სიგარეტის ნამწვი და ერთი დაკარგული AirPod-იც კი.
ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩენა კი ოვულაციის ტესტი აღმოჩნდა, რომელიც ჟინიაკის თქმით, “შესაძლოა წყვილისთვის რაიმეს მანიშნებელი იყოს“. აღსანიშნავია, რომ ყუთი, რომელშიც ეს ტესტი დევს, უკვე გაყიდულია, თუმცა ხელოვანი არ გამორიცხავს მსგავსი სერიის დამატებას.
პროექტი “ნიუ-იორკის ნაგავი“ ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო. ჟინიაკს სურდა დაემტკიცებინა, რომ შეფუთვის დიზაინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ნივთს სწორად შეფუთავ, ადამიანები ნაგავსაც კი იყიდიან.
თავდაპირველად ის ნაგვის ყუთებს Times Square-ზე 5 დოლარად ყიდდა, თუმცა დროთა განმავლობაში ფასმა მოიმატა, რამაც ხალხის აღქმა შეცვალა და ნაგავი “კოლექციურ ხელოვნების ნიმუშად“ აქცია. დღემდე ხელოვანს 1 700-ზე მეტი ასეთი ყუთი აქვს გაყიდული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟინიაკი მნიშვნელოვან მოვლენებს ნაგვის სახით ინახავს. მანამდე მან შეაგროვა და გაყიდა ნარჩენები ისეთი ისტორიული თარიღებიდან, როგორიცაა:
ბარაკ ობამას პირველი ინაუგურაცია;
ნიუ-იორკში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის დღე;
2009 წლის მსოფლიო სერია ბეისბოლში.
ჟინიაკის თქმით, ეს ყუთები ერთგვარი “დროის კაფსულებია“, რომლებიც ასახავს იმას, თუ რა ხდება კულტურულად მოცემულ მომენტში.