1000 სტუმარი, Dior-ის კაბა და არც ერთი ფოტოგრაფი - ტეილორ სვიფტის საიდუმლო ქორწილი ნიუ-იორკში
ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტრევის კელსი ოფიციალურად დაქორწინდნენ. წყვილმა გრანდიოზული საქორწინო ცერემონია ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენზე გამართა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო კაბამ. სვიფტს ფრანგული მოდის სახლის, Christian Dior-ის Haute Couture-ის კაბა ეცვა, რომელიც ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, ჯონათან ანდერსონი, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა.
კაბის ოფიციალური ფოტოები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
Dior-ის განცხადებით, როგორც პატარძლის, ისე საქმროს სამოსი პარიზში, ბრენდის ისტორიულ ატელიეში, მონტენის გამზირზე მდებარე ცნობილ მისამართზე — Avenue Montaigne 30-ში დამზადდა.
წყვილის ფეხსაცმელი Christian Louboutin-მა შექმნა, ხოლო სვიფტის ლუქს Cartier-ის სამკაულები ამშვენებდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნიშნობის ბეჭედმაც, რომელიც საიუველირო ბრენდის Artifex Fine Jewelry-ის დიზაინერმა Kindred Lubeck-მა ტრევის კელსისთან თანამშრომლობით შექმნა.
ქორწილს დაახლოებით 1000 სტუმარი ესწრებოდა. ტრადიციული მეჯვარეების ნაცვლად, სვიფტის მეჯვარე მისი ძმა ოსტინი იყო, ხოლო ტრევის კელსის გვერდით მისი ძმა, ჯეისონ კელსი იდგა. ცერემონიას მსახიობი ადამ სენდლერი უძღვებოდა.
უცხოური მედიის ცნობით, ტეილორ სვიფტის საქორწინო კაბის შექმნას არაერთი ცნობილი მოდის სახლი ცდილობდა. მათ შორის იყვნენ Ralph Lauren, Stella McCartney, Oscar de la Renta და Vivienne Westwood, თუმცა საბოლოოდ არჩევანი Dior-ის დიზაინზე შეჩერდა.
მედიის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ჩნდებოდა Dior-ის აქსესუარებით, რაც ბევრისთვის მინიშნება გახდა, რომ მომღერალი სწორედ ამ ბრენდს ანიჭებდა უპირატესობას.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსიმ ურთიერთობა 2023 წელს დაიწყეს. მათი ქორწილის შესახებ ინფორმაცია პირველად გაზაფხულზე გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით დადასტურდა, რომ ცერემონია 3 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართებოდა.