← მთავარი
პოლიტიკა

ცვლილებები სამთავრობო მედიაში და „ოცნების“ შიდა კრიზისი: „იმედი“ და „პოსტივი“ მამუკა მდინარაძის გავლენისგან იწმინდება?!

17 ოქტომბერი, 2026 · წყარო: newposts.ge
ცვლილებები სამთავრობო მედიაში და „ოცნების“ შიდა კრიზისი: „იმედი“ და „პოსტივი“ მამუკა მდინარაძის გავლენისგან იწმინდება?!

სამთავრობო მედიასაშუალებებში — ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტივიში“ (POSTV) მსხვილი საკუთრებრივი და ცვლილებები განხორციელდა. პროცესები, რომლებიც ერთი შეხედვით ფორმალურ გადანაწილებას ჰგავს, პოლიტიკურ კულუარებში „ქართული ოცნების“ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის გავლენების საბოლოო განეიტრალებას უკავშირდება.

წლების განმავლობაში სწორედ მამუკა მდინარაძე მოიაზრებოდა სახელისუფლებო მედიის არაფორმალურ კურატორად. თუმცა, პოლიტიკური ასპარეზიდან მისი ჩამოშორების შემდეგ, მედიაკონგლომერატებში იმ პირთა ჩანაცვლება დაიწყო, რომლებიც მდინარაძის გუნდთან და გავლენებთან ასოცირდებოდნენ.

საჯარო რეესტრის 16 ოქტომბრის მონაცემებით, „იმედის“ მფლობელ კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ წილები ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად — 25-25%-ის ოდენობით განაწილდა.

დოკუმენტაციის თანახმად, წილები სრულად დათმეს კომპანიამ „პრაიმ მედია გლობალმა“ (ფლობდა 50%-ს), ვასილ კალანდარიშვილმა (10%) და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნათია სონღულაშვილმა (10%).

ტელეკომპანიის ახალი მეწილე გახდა ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი, ხოლო არსებული მფლობელების — გენერალური დირექტორის მაკა ლომიძის, ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძისა და პროგრამების ხელმძღვანელის მაია ჩიგოშვილის წილები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა. გასხვისება სიმბოლურ ფასად მოხდა: 10%-იანი წილები 100-100 ლარად, ხოლო 50%-იანი წილი 500 ლარად გაიყიდა.

ცვლილებაა POSTV-ის მეწილეებშიც. პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შესულმა, პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა. შესაბამისი დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 15 ოქტომბერს წარადგინეს. ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც ამ დრომდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო.

წილების გადანაწილების შემდეგ POSTV-ის მეწილეები იქნებიან:

გიორგი შენგელია, 52%;

თემურ ჭარელაშვილი, 24%;

შალვა რამიშვილი, 24%.

გიორგი შენგელია ტელეკომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებში 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ჯაფარიძის წილის მმართველად დარეგისტრირდა.

შენგელია ასევე შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან ეს კომპანია POSTV-ის სანქცირებიდან მეორე დღეს, 2026 წლის 25 თებერვალს, დაარეგისტრირა.

სამთავრობო მედიაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომლის თქმითაც, საკადრო ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება მამუკა მდინარაძის ჩამოშორებას:

„ტვ იმედის წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს იმედის საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ. ადამიანურ ენაზე: ტვ იმედიდან მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“, — წერს ნიკა გვარამია.

მედიის წმენდის პარალელურად, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და პროპაგანდისტების მხრიდან მამუკა მდინარაძის მიზანმიმართული კრიტიკა ისმის. თავდასხმის მთავარი სამიზნე მდინარაძის პროტეჟედ მიჩნეული კულტურის ყოფილი მინისტრი თიკა რუხაძე გახდა, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ, ხოლო უშუალოდ მდინარაძეს — მის მფარველობაში.

მამუკა მდინარაძემ პოლიტიკა 2026 წლის აგვისტოში დატოვა. „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, ბოლო პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და თანამდებობებს რეკორდულად სწრაფად იცვლიდა:

2025 წლის 3 სექტემბერი: დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად;

2026 წლის 20 აპრილი: სუს-ის უფროსის პოსტზე ყოფნისას მიენიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება;

2026 წლის 21 აპრილი: გადაიყვანეს ვიცე-პრემიერისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე;

2026 წლის 29 ივლისი: პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იგი რეგიონული განვითარების მინისტრად გადაიყვანეს, ხოლო სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა.

← მთავარი