„...არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს...რადგან დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება." - ალექსანდრე თავართქილაძე, ონკოლოგი და გენეტიკოსი
„…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს…რადგან დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება.“ - ალექსანდრე თავართქილაძე, ონკოლოგი და გენეტიკოსი
პოლიტიკა • 21 ივნისი 11:47
„…არის წუთები, როდესაც ადამიანი ვალდებულია ხმა ამოიღოს — არა იმიტომ, რომ საქმის ყველა სამართლებრივი დეტალი იცის, არამედ იმიტომ, რომ დუმილიც ზოგჯერ ზნეობრივი პოზიცია ხდება. მე არ ვარ ამ საქმის იურიდიული ექსპერტი. არ ვიცი მტკიცებულებები და სამართლებრივი ნიუანსები და სწორედ ამიტომ, არ ვწერ განაჩენს განაჩენზე, არ ვწერ ბრალდების ან დაცვის ენით. ვწერ ექიმის, კოლეგის, მოსწავლისა და მეგობრის ტკივილით. პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი ჩემთვის არ არის რომელიმე ბანაკის საკუთრება. არიან ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიაც მხოლოდ წლების ჩამონათვალი არ არის — მათი ბიოგრაფია გადარჩენილი ბავშვების სუნთქვაში, მშობლების დამშვიდებულ თვალებში იკითხება. ჰიპოკრატეს ძველი მცნება — „ნუ ავნებ“ — მხოლოდ სამედიცინო პრინციპი არ არის; იგი სახელმწიფოსა და მართლმსაჯულებისთვისაც ერთ-ერთი უმაღლესი ეთიკური საზომია, რადგან მართლმსაჯულება მაშინ არის ყველაზე ძლიერი, როდესაც ძალასთან ერთად სიბრძნეც აქვს და როდესაც კანონის ასობგერა არ კარგავს ადამიანის სახეს. ციცერონის ცნობილი გაფრთხილებაც გვახსენებს, რომ ზედმეტად მკაცრი სამართალი ზოგჯერ შეიძლება უმაღლეს უსამართლობად იქცეს, ხოლო მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები გვამცნობს: „უსამართლობა სადმე, საფრთხეა სამართლიანობისთვის ყველგან“. მე, როგორც ქართველი ექიმი, ჩემი პროფესიული და ადამიანური პასუხისმგებლობით ვთხოვ საქართველოს მართლმსაჯულებას — კიდევ ერთხელ, მაქსიმალური სიფრთხილითა და ჰუმანურობით გადაიხედოს პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის საკითხი. ეს არის თხოვნა, რომ მართლმსაჯულებამ დაინახოს არა მხოლოდ საქმე, არამედ ადამიანი; არა მხოლოდ ფორმალური გარემოებები, არამედ პროფესიული გზა, ასაკი და ღვაწლი. ქვეყანა ძლიერია მაშინ, როდესაც შეუძლია კანონის დაცვაც და ადამიანის ღირსების შენარჩუნებაც. ბატონო გოგი, თქვენ თაობები გაზარდეთ. თქვენ უამრავი ოჯახისთვის იმედი იყავით და ხართ. დღეს მინდა, ეს სიტყვები ძალიან მშვიდად და გულწრფელად ითქვას: ექიმი, რომელმაც სიცოცხლეების გადარჩენას მიუძღვნა წლები, იმსახურებს, რომ მის საკითხს კიდევ ერთხელ მოუსმინონ — არა ხმაურით, არამედ სამართლისა და ჰუმანურობის ენით. ღმერთმა მისცეს სიბრძნე ყველას, ვის ხელშიც დღეს ადამიანის ბედი და ქართული მართლმსაჯულების ღირსება დგას“, — წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე თავართქილაძე (პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, ექიმი ონკოლოგი და გენეტიკოსი).