თარხან-მოურავი: „საქართველო ამერიკული ქვეყანაა — ეს რეალობა გვმართებს გავიაზროთ”
„საქართველო ამერიკული ქვეყანაა — რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას”, — ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა „სტუდია N8”-ში განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსეთი დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყველა მიმართულებით შევიწროებულია. საქართველო კი ამერიკული გავლენის ქვეყანაა — ეს, თარხან-მოურავის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისას გათვალისწინება სჭირდება.
„სომხები მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული — ბიზნესითაც და ყველაფრით. ამ პირობებში პრორუსული განწყობები სომხეთში აბსოლუტური უმრავლესობაა, მაგრამ ეს განწყობები მარცხდება და პროამერიკული ფაშინიანი იმარჯვებს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ სომხეთი რუსეთს ჩამოაშორა. ირანი დამარცხებულია, სომხეთი ახლა ჩამოდის. გინდა ვენესუელა, გინდა ლიბია, სირია — ყველგან ამერიკამ სძლია”, — განაცხადა მან.
თარხან-მოურავმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოშიც ამერიკული პარტნიორების გავლენა — ფინანსური და ინსტიტუციური — განსაკუთრებით ხილვადია. „ყველა სახელმწიფო უწყებაში ზის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, ამერიკა და ევროპა ყოველდღიურად ეხმარება საქართველოს — ფულითაც და სხვა ბერკეტებითაც”, — დასძინა მან.
ამ ანალიზის საფუძველზე, ლიდერმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკოსებს, ამერიკის „ლანძღვა-გინებას” შეწყვიტონ, ვინაიდან ეს პოზიცია, მისი აზრით, ქვეყანას კატასტროფისკენ მიჰყავს.