← მთავარი
სპორტი

[მატჩის შემდეგ] ტარიელ ხეჩიკაშვილი: "მოგება მახარებს, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა, მთავარია საქმე ბოლომდე მივიყვანოთ"...

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მატჩის შემდეგ] ტარიელ ხეჩიკაშვილი:

“იბერიას” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “ლელოსთან” კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში “ფლორასთან” მოპოვებულ გამარჯვებაზე (3:2) და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი საქმეს ბოლომდე მიიყვანს:

“ბოლოს ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიოფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი 2019 წელს დაძლია და ეს გუნდი “იბერია” იყო, მაშინდელი “საბურთალო”. მიხარია, რომ ტალინში მოვიგეთ და გვაქვს შესანიშნავი შანსი, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ესტონელები აღნიშნავდნენ, რომ არა მხოლოდ ვაჯობეთ, არამედ, ხარისხიანი ფეხბურთიც ვაჩენეთ, ჩვენმა მოთამაშეებმა კი, ქართველებისთვის დამახასიათებელი ტექნიკურ ფეხბურთთან ერთად, ორგანიზებულადაც ითამაშეს.

შარშანდელ წაგების გამო ესტონელებზე რევანში ნაწილობრივ ავიღეთ. თუმცა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენი დაპირისპირების მხოლოდ პირველი ნახევარი იყო და თბილისში ძალიან რთული საპასუხო შეხვედრა გველის. მთავარია არ მოვეშვათ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თბილისური მატჩიც მოვიგოთ.

ამ თამაშმაც კარგად გვაჩვენა, რომ წუთიერმა მოდუნებამ საბედისწერო როლი შეიძლება ითამაშოს. მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდური უპირატესობა გვქონდა. მაგრამ “ფლორას” კაცი რომ გაუგდეს, 2:1-ს ვიგებდით და ეტყობა, მოთამაშეები მოდუნდნენ და ესტონელებმა ანგარიში გაგვითანაბრეს. კინაღამ მოგება გავანიავეთ. იმედია, თბილისში უფრო მობილიზებულები ვიქნებით და ისევე გავიხარებთ, როგორც ტალინში.

აღსანიშნავია, რომ ტალინში საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა გვამხნევებდა. მათ მობილიზება აქ მაცხოვრებელი ლუკა ჩარგეიშვილის დახმარებით შეძლეს და მეტოქე არა მხოლოდ მოედანზე, ტრიბუნაზეც დავამარცხეთ. 5-ჯვრიანი დროშის ფრიალი უდიდესი მუხტი გამოდგა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი თამაშის სანახავად ტალინში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშილი იმყოფებოდა და მას მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.

იმედია, თბილისში საპასუხო მატჩშიც ასე იქნება. გულშემატკივრტებს კი მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება, რომელსაც 7 წელი ველოდით”, - გვითხრა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

← მთავარი