← მთავარი
საზოგადოება

"თუ ადამიანში სიყვარული თავდება, იქ ის პიროვნებაც მთავრდება" - ტარიელ ჭანტურია: პოეტი, რომელიც წავიდა და დიდი სიყვარული დატოვა: შვილის გარდაცვალება და უკვდავი პოეზია

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

3 დღეში, 11 ივლისს, 94 წლის გახდებოდა…

დიდი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალება ქართული საზოგადოებისთვის უდიდესი ტკივილი აღმოჩნდა. “მართალი კაცი“, “გულწრფელი პოეზია“, “ადამიანი“, “ღირსეული“, “დიდი პოეზიის შემქმნელი“, “გენიოსი ტარიელ ჭანტურია“, “ორიგინალური სტრიქონების ავტორი“, “კორიფე“ - ეს არის სიტყვები, რომლებსაც ადამიანები მისთვის დაუნანებლად იმეტებენ, რაც ტარიელ ჭანტურიამ თავისი შემოქმედებითა და განვლილი გზით ნამდვილად დაიმსახურა.

როდესაც ეკითხებოდნენ, როგორი ბავშვობა ჰქონდა, პასუხობდა, რომ გადასარევი ბავშვობა ჰქონდა და სკოლაში მის გამო მშობელი არასოდეს დაუბარებიათ:

“კატორღელების შვილი ვიყავი, დედა ერთ კატორღაში იყო, მამა - მეორეში. როგორ დაიბარებდნენ?! 40-50-იან წლებში, ე.წ. კანონიერ ქურდებში (“რამკის ქურდებში“) რაღაც მორალი ჯერ კიდევ არსებობდა და ყიდულობდნენ ჩემთვის წიგნს, რვეულს, ხანდახან ფეხსაცმელსაც“.

ტარიელ ჭანტურია მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან მეგობრობდა და მასთან ასეთი გამორჩეული ისტორია ჰქონდა.

პოეტი ჭაბუა ამირეჯიბზე საუბრისას ყოველთვის იხსენებდა ამბავს, რომელიც მისთვის დაუვიწყარი იყო:

“ჭაბუა ამირეჯიბთან და მეგობრებთან ერთად პოკერს ვთამაშობდი. ჭაბუას დედა, დეიდა მაკა, კატორღელი ქალი იყო. როდესაც მივიდოდით, მასაც ვნახულობდით ხოლმე; მოგვესალმებოდა, გაგვიღიმებდა და შევიდოდა თავის ოთახში. მას პირადად არასდროს დავლაპარაკებივარ. როდესაც გარდაიცვალა, ჭაბუას მეუღლემ, თამრიკომ დამირეკა: კატორღაში გადაღებული სურათების ალბომი ვნახე, ვიცი, ასეთი რაღაცები გაინტერესებს და ხომ არ გამოივლიდიო.

იმავე დღეს წავედი. მივედი და ვათვალიერებთ სურათებს. ერთ ფოტოზე 5 პატიმარი ქალია – სამნი სხედან, შუაშია ჭაბუას დედა, ორნი დგანან და ერთი არის დედაჩემი. ეს იყო ჭაბუასთვის და ჩემთვის აბსოლუტური მოულოდნელობა – თურმე, ჩვენი დედები ერთად იმყოფებოდნენ გადასახლებაში.

მაქვს ის სურათი სახლში, არ აწერია თარიღი, როდის არის გადაღებული, სად არის გადაღებული.“

“მზრდიდა ბებია (მამის დედა), რომელიც 8 შვილის დედა იყო და ამ საცოდავ ქალს რვავე შვილის დაკრძალვა მოუწია. ეს ნამდვილი მორალის გაკვეთილი იყო“ - ჰყვებოდა ჟურნალისტ მაკა ცხვედიანის რუბრიკაში “დილის ინტერვიუ“.

იმავე გადაცემაში საუბრობს ხელოვნების ნიჭზე, მუზაზე: “შენზე არაფერია დამოკიდებული - გაგაჩინა ღმერთმა ამ ტანჯვისთვის, ამ წამებისთვის, ბედნიერებისთვის და მთელი ცხოვრება იქნები იმ სიხარულიან სატანჯველში… მუზას პირადად არ შევხვედრივარ, არ მინახავს, თუმცა ისე, არსებობს… რა ვიცი, მუზა ჰქვია, - შუაღამისას რომ წამოგაგდებს და იმის მაგივრად, რომ დაიძინო, წყნარად და მშვიდად იყო, მთელი ღამე გაფიქრებს, გაწერინებს, გაოცნებებს, გტანჯავს და გახარებს.

პატრიოტიზმი

“რა არის და ყველაფერი. არ მიყვარს იმ ადამიანების ბუნება და ხასიათი, ვისაც ეს თემა - სამშობლოს სიყვარული - გვერდზე აქვს გადადებული; ან ჰგონია, რომ ისეთივე ჩვეულებრივი, რიგითი რამ არის, როგორც კარგი ქალის სიყვარული.

“პატარა მწერალთა კავშირი“

“ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ჩვენი ჯგუფი გეგონებოდა, პატარა მწერალთა კავშირი იყოო. მომავალი ჟურნალისტები იყვნენ - ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, რეზო ინანიშვილი…

… სამეგობროს, საძმაკაცოს, საყვარელი ადამიანების გარეშე რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება? ადამიანში მიყვარს ადამიანი - ნამდვილი, კეთილშობილი ადამიანი.


ტარიელ ჭანტურიამ თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტკივილსა და სევდას - შვილის, ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალებას გენიალური ლექსი მიუძღვნა:

“შვილო, რატომ დამტოვე მარტო,/ დამისვი მუხლზე, რომ საჭე ვმართო,/ თუმცა მე დამრჩა ბუხარი შენი/ და ხავსიანი საფლავი ფართო.

მე შენს კეთილ გულს გაგლეჯილს სამად/ ვიგონებ, როგორც დაკარგულ იმედს,/ რა მოხდა, არც სხვებს არა ჰყავთ მამა,/ თან სხვებსაც ჰქონდათ ბავშვობა მძიმე.

უპანთეონოდ გავალ იოლად,/ ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი,/ რა სჯობს, როდესაც მარადიულად გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი“.

Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს პოეტის ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

← მთავარი