სახლის ჩხრეკისას თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
თბილისში, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის სახლში შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა, რა დროსაც ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ განცხადება ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა გააკეთა. ადგილზე იყო ხმაურიც. ამ დროისთვის უცნობია რომელ სამართალდარღვევას ედავება შსს-ს ელიზბარაშვილს. ტაბულა დეტალებს შსს-ში არკვევს.
არსებული ინფორმაციით, ელიზბარაშვილის სახლში პოლიცია იარაღს ეძებდა. სვიმონიშვილის თქმით, “ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, მოხდა თამარ ელიზბარაშვილის დაკავება ადმინისტრაციული წესით”.
ბიზნესმენის მეორე ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, მას მხოლოდ ერთი იარაღი აქვს, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული.
“ერთი იარაღია ამოღებული, რომელიც კანონიერად აქვს გაფორმებული თამაზ ელიზბარაშვილს, თავის ვაზნებით”. - განაცხადა ადვოკატმა.
სირანაშვილის თქმით, ჩხრეკის ოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს.
იქამდე ჩხრეკა ჩატარდა ელიზბარაშვილის მანქანაში.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, შსს თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს