შს მინისტრი გორის ინციდენტზე: „ბრძანებას ვინმე არ გასცემდა — ეს სპონტანურად მოხდა”
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გორში სამართალდამცავებმა პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარზე ფიზიკური ძალის გამოყენება სახელმწიფოს ბრძანებით არ მომხდარა.
„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა,” — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სახელმწიფომ ამ ფაქტის მიმართ „პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.” ამ პოზიციის ნიშანია ის, რომ ინციდენტში მონაწილე ექვსი სამართალდამცავი უკვე დაკავებულია. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარედგინება — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. ეს ქმედება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც დაიწყო — 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გაამძიმდა.