← მთავარი
სამართალი

თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს

30 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.

საპროცესო შეთანხმების წინაპირობა ბრალის აღიარება და მონანიებაა. ლორთქიფანიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

2025 წლის 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა. აქტივისტის განცხადებით, ამ ქმედებით მან მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობა გამოხატა.

პროკურატურის ცნობით, ლორთქიფანიძემ “ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო”. მას ასევე “შსს-ს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმას” ედავებოდნენ. უწყების ცნობით, ლორთქიფანიძემ ავტომანქანის სახურავზე ასვლითა და ფეხების დარტყმით 3 300 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.

ლორთქიფანიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი.

შსს: რუსთაველის მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვისთვის აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს

POG: თამარ ლორთქიფანიძის ქმედებამ ₾ 3 300 ოდენობით ზიანი გამოიწვია — დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

← მთავარი