სენსაციური აღმოჩენა: თამარ მეფის იშვიათი მონეტა, სრულად შემონახული ჩონჩხი და სამაგიდო თამაშის ფიგურები ამბერდის ციხეში
„სომხეთის შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში მომუშავე არქეოლოგებმა კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველის, თამარ დედოფლის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს, ასევე საოცრად კარგად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და არტეფაქტები, რომლებიც შუა საუკუნეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ახალ წარმოდგენას გვთავაზობს“ - ამის შესახებ იუწყება გამოცემა thearmenianreport.com
აღმოჩენები ამბერდის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და გათხრების სამუშაოების დროს გაკეთდა, მათ შორისაა შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის – „თამას“ – სავარაუდო სათამაშო ფიგურები.
ინფორმაციას სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
აღმოჩენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დედოფალ თამარის გამოსახულებიან მონეტას. თამარის მმართველობის პერიოდი (XII–XIII საუკუნეები) საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანად“ მიიჩნევა, როდესაც ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ გავლენას ფლობდა. არქეოლოგების შეფასებით, მონეტის აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის შუა საუკუნეების მჭიდრო ისტორიულ კავშირებს.
გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, რომელიც ციხესიმაგრის შიდა თავდაცვითი კედლის მახლობლად იყო დაკრძალული. სპეციალისტების ინფორმაციით, ჩონჩხის დაახლოებით 90 პროცენტი ადგილზეა შემონახული, დაკარგულია მხოლოდ ხელის თითების ძვლები. კბილების მდგომარეობის მიხედვით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი იყო.
კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის – „თამას“ – სავარაუდო სათამაშო ფიგურებია. მკვლევრების თქმით, ეს თამაში თანამედროვე ჭადრაკისგან განსხვავებული, თუმცა დამაშის (checkers) მსგავსი იყო და აღმოჩენილი ნივთები შესაძლოა იმ პერიოდის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და გასართობ საქმიანობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდეს.
არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები ამბერდის ციხესიმაგრეში კვლავ გრძელდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არტეფაქტები გამოვლინდება, რაც რეგიონის შუა საუკუნეების ისტორიის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.