← მთავარი
საზოგადოება

საერთაშორისო გუნდი ართვინში მდებარე ათასწლოვანი ქართული ტაძრის გადასარჩენად ემზადება - ქართული მხარე ჩართული არაა?!

30 სექტემბერი, 2026 · წყარო: newposts.ge
საერთაშორისო გუნდი ართვინში მდებარე ათასწლოვანი ქართული ტაძრის გადასარჩენად ემზადება - ქართული მხარე ჩართული არაა?!

საერთაშორისო გუნდი ართვინში (ამჟამინდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთი) მდებარე ათასწლოვანი ქართული ტაძრის გადასარჩენად ემზადება. ამ ინფორმაციის შესახებ რუმინეთის საპატრიარქოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Basilica.ro წერს. აღსანიშნავია, რომ ორიგინალ ტექსტში ქართული მხარის ჩართულობაზე საუბარი არ არის.

გამოცემის ცნობით, ხუთი ქვეყნის არქიტექტორებისგან, დიზაინერებისგან, რეჟისორებისა და რესტავრაცია-კონსერვაციის სპეციალისტებისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, დაახლოებით 1100 წლის ქართული ტაძრის გადარჩენას ცდილობს, რომელსაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება.

ესპანელი არქიტექტორისა და პროექტის კოორდინატორის, ტასილო დე ლა ტორე შონბორნის პრესრელიზის თანახმად, ნუკა-საყდრის ეკლესია ართვინის პროვინციაში მდებარეობს და ის ყოფილი სამონასტრო კომპლექსის ერთადერთი შემორჩენილი ნაწილია.

ტაძარი ხეობის ფერდობზე, ვიწრო პლატფორმაზე დგას — ტერიტორიაზე, სადაც ტრანსპორტით მიდგომა შეუძლებელია. მისი ქვის სახურავის ნაწილი უკვე ჩამოქცეულია. ნიკო მარმა შენობა 1904 წელს აღწერა, თუმცა ეკლესიის სრული არქიტექტურული დოკუმენტაცია დღემდე არ არსებობს.

7-დან 20 ოქტომბრამდე საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, თურქეთისა და არგენტინის სპეციალისტები მოამზადებენ გეგმებს, ჭრილებს, ფასადებსა და გენგეგმას, რათა საფუძველი ჩაეყაროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ტაძრის დოკუმენტირება გამოწვევა იქნება. აზომვითი სამუშაოები როგორც მექანიკურად, ისე ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით ჩატარდება. ინტერიერი ლაზერულად დასკანერდება, ხოლო ექსტერიერი, რომლის გამოკვლევაც ფერდობზე მდებარეობის გამო რთულია, დრონით გადაიღება მეორადი „წერტილოვანი ღრუბლის“ (point cloud) შესაქმნელად.

ადგილის იზოლირებულობის გამო, ექსპედიციის წევრები გეგმავენ, ორი კვირის განმავლობაში უშუალოდ ტაძარში იცხოვრონ — იქ დაიძინონ, მოამზადონ საჭმელი და იმუშაონ. ობიექტის მახლობლად არ არის ელექტროენერგია, მობილური კავშირი და საცხოვრებელი პირობები.

„ნახაზების გარეშე წინ არაფერი წავა: ვერც ნებართვას მივიღებთ, ვერც დაფინანსებას და ვერც ხარაჩოს ერთ ბოძს დავდგამთ. სწორედ დოკუმენტაციის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ უსახურავოდაა დარჩენილი“, — განმარტა ტასილო დე ლა ტორე შონბორნმა.

გუნდი მიღებულ დოკუმენტაციას ერზურუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტს წარუდგენს. მიზანია, შესაბამისი ორგანოების თანხმობის შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოები 2027 წელს დაიწყოს და ის თურქმა რესტავრატორ-არქიტექტორებმა და სპეციალისტებმა განახორციელონ.

ექსპედიციის დროს ასევე გადაიღებენ 10-დან 20 წუთამდე ხანგრძლივობის ფილმს, რომელიც ასახავს როგორც ტაძრის კვლევის პროცესს, ისე გუნდის ცხოვრებას ადგილზე. ფილმი პროექტის პოპულარიზაციას შეწყობს ხელს და კონსერვაციისთვის საჭირო სახსრების მოძიებაში დაეხმარებათ.

ორგანიზატორების თქმით, ეს ფილმი რეგიონის რელიგიური მემკვიდრეობისთვისაც პირველი პრეცედენტი იქნება.

„აქამდე ისტორიული ტაო-კლარჯეთის რეგიონის ეკლესიების შესახებ არცერთი დოკუმენტური ფილმი არ გადაღებულა“, — აცხადებენ ისინი.

ინიციატივის ავტორები კვლავ აგრძელებენ დაფინანსების, აღჭურვილობისა და გამოცდილების მოძიებას ექსპედიციისა და პროექტის შემდგომი ეტაპებისთვის. გარდა ამისა, კვლევის შედეგების გამოქვეყნება იგეგმება არქიტექტურის, რესტავრაციისა და კულტურის სფეროს სპეციალიზებულ გამოცემებში.

← მთავარი