ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერი გადადგა — გაგლოევმა კამბოლოვი წარადგინა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერი ძამბოლატ ტადტაევი გადადგა — ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს მის ნაცვლად მარატ კამბოლოვი ნომინირებული აქვს.
ტადტაევის გადადგომა „მთავრობის” სხდომაზე გამოცხადდა; ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო სააგენტო „რეს” ავრცელებს. სხდომებს ტადტაევის ნაცვლად, მეკვალეობის პრინციპით, მისი პირველი მოადგილე კონსტანტინე ჯიოევი ჩაატარებს — პარლამენტის მიერ ახალი პრემიერის დამტკიცებამდე.
გაგლოევმა პარლამენტს მარატ კამბოლოვი წარუდგინა. „სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წარვუდგენ მარატ არკადიევიჩ კამბოლოვის კანდიდატურას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე,” — ნათქვამია გაგლოევის განცხადებაში. კანდიდატურის განხილვაზე პარლამენტს ერთი კვირა ეძლევა.
ვინ არის მარატ კამბოლოვი?
27 მაისს გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კამბოლოვი „პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად” დაინიშნა. „რადიო თავისუფლების” ცნობით, მისი კარიერა „თითქმის მთლიანად” რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სამსახურებთანაა დაკავშირებული. კანდიდატს დაევალება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და სოციალური სფეროების ინტეგრაციის ხელმძღვანელობა.