ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრის შემდეგ: დიალოგი შედგა, პოზიტიურად ვარ განწყობილი
ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა დასრულდა. საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი ტაბატაძის, პირველ კომენტარს „ტვ პირველი” ავრცელებს.
ტაბატაძის თქმით, შედგა დიალოგი და მხარეებმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს. მისი განცხადებით, ის პოზიტიურადაა განწყობილი.
„დიალოგი შედგა. დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი პოზიციები მოისმინეს და შემდგომ უკვე, მომავალში გვიჩვენებს დრო… ვნახოთ [იქნება თუ არა კიდევ შეხვედრა]… პოზიტიურად ვარ განწყობილი”, — განაცხადა საგარეო უწყების საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, დღეს ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართა.
5 ივნისს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ამ დიალოგის შესახებ და განაცხადა, რომ შეხვედრაზე „განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი”.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, „ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი”.