უკრაინის საგარეო მინისტრი: მოლდოვაში ქართველ კოლეგას „უახლოეს მომავალში” შევხვდები”
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მისვლისას, განაცხადა, რომ მოლდოვაში „უახლოეს მომავალში” ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
„ჩვენ გვსურს ახალი გვერდის გახსნა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან,” — განაცხადა სიბიჰამ. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ერევანში ახლახან გამართული შეხვედრა მან „ისტორიულად” შეაფასა და „შეხედულებების კარგ გაცვლად” დაახასიათა. სიბიჰამ „კონსტრუქციული დიალოგის” გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა.
„მოლდოვაში, უახლოეს მომავალში, მე შევხვდები ჩემს კოლეგას საქართველოდან. გვსურს, სათანადოდ მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში რამდენიმე მგრძნობიარე საკითხია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის,” — განაცხადა სიბიჰამ, კონკრეტული თარიღი არ გაუმხელია.