სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია - რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით, 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი მოთხოვნით უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2 ივლისს მიმართა.
სააგენტომ ორი განაცხადი წარადგინა, რომელთა მიხედვითაც ბიუჯეტი ასე ნაწილდება:
2 მილიონი ლარი — ტაძრის კომპლექსური შესწავლა და კვლევები: ეს ეტაპი მოიცავს ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის შესწავლას, რისკების იდენტიფიცირებას, საარქივო, საინჟინრო, გეოლოგიურ, სეისმურ და კლიმატურ კვლევებს, ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
3 მილიონი ლარი — გადაუდებელი და ფიზიკური სამუშაოები: ეს თანხა მოხმარდება ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას. ასევე იგეგმება წყლის მართვისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამშენებლო უბნისა და ხარაჩოების მომზადება.
სააგენტოს განმარტება: უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 2026-2027 წლებზეა გათვლილი. 5 მილიონი ლარი არის შესყიდვების სავარაუდო ზედა ზღვარი, თანხა ერთჯერადად არ დაიხარჯება და პროცესი ეტაპობრივად, კვლევების შედეგების მიხედვით წარიმართება, რადგან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.