სუსმა პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 19 მაისს პანკისის ხეობაში „მასშტაბური ოპერაცია” ჩაატარა — ომალოს, ბირკიანისა და ჯოყოლოს სოფლებში სამი მოქალაქე ტერორიზმის ბრალდებით დააკავა.
სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე ბრიფინგზე განმარტავდა, რომ ეჭვმიტანილები „ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან მითითებებს იღებდნენ.” სუს-ის ინფორმაციით, ისინი ასევე ცდილობდნენ ადგილობრივ „ჯამაათის” ჩამოყალიბებასა და სხვა პირების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვას.
ოპერაციის დროს ამოღებულ ნივთებს შორის არის: ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე „ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკა და პირადი დოკუმენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება) და 236-ე მუხლით (ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება) მიმდინარეობს — ეს მუხლები 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.