სუს-მა პანკისში ტერორიზმის ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავა — ISIS-ის „ჯამაათის” შექმნა სჭირდებოდათ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 19 მაისს განაცხადა, რომ პანკისის ხეობის სოფლებში — ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში — მასშტაბური ოპერაციის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალდება ორი მუხლით წაყენდება: უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება (328-ე მუხლი) და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება (236-ე მუხლი), რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სუს-ის ბრიფინგზე სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები ISIS-ის — „ისლამური სახელმწიფოს” — რიგებში გაერთიანდნენ და „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ.” მათი მიზანი იყო პანკისის ხეობაში ISIS-ის მხარდამჭერი „ჯამაათის” ჩამოყალიბება — ამისთვის ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია: ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ISIS-ის დროშა, ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.