← მთავარი
სამართალი

სუს-მა პანკისში „ისლამური სახელმწიფოს” წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

19 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
სუს-მა პანკისში „ისლამური სახელმწიფოს” წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

გასულ ღამეს პანკისის ხეობაში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერაცია ომალოს, ბირკიანისა და ჯოყოლოს სოფლებში ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ მითითებებს და ხეობაში ე.წ. „ჯამაათის” ჩამოყალიბებას ცდილობდნენ. ამ მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე „ისლამური სახელმწიფოს” დროშა, სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 326-ე მუხლებით — უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების გამო. სასჯელი ითვალისწინებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობას.

← მთავარი