სუს-მა პანკისში „ისლამური სახელმწიფოს” სამი წევრი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოაცხადა, რომ პანკისის ხეობაში — ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში — „ისლამური სახელმწიფოს” წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ოპერაცია 19 მაისის ღამით ჩაატარეს კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება ადასტურებს: დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში გაერთიანდნენ, უცხო ქვეყნიდან ღებულობდნენ მითითებებს და ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი „ჯამაათის” ჩამოყალიბებას ცდილობდნენ. ამ მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია: ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, „ისლამური სახელმწიფოს” დროშა, ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება) და 236-ე (ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით მიმდინარეობს. ორივე მუხლი სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.