სუს-მა პანკისში „ისლამური სახელმწიფოს” წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პანკისის ხეობის სოფლებში — ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში — ღამის ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
19 მაისს ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები „გაერთიანდნენ „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში, უცხო ქვეყნიდან ღებულობდნენ მითითებებს, პანკისის ხეობაში ჯამაათის ჩამოყალიბებასა და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ შეხვედრებს მართავდნენ და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ”.

საგამოძიებო მოქმედებების დროს კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე „ისლამური სახელმწიფოს” დროშა და სიმბოლიკის ამსახველი ნივთები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 326-ე მუხლებით — „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება” და „ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება” — რისთვისაც სასჯელი 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.