სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა. სუს-ის ბრიფინგზე გაჟღერდა, რომ ბრალდებული ერთდროულად ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა — ეს განსაკუთრებით მძიმე გარემოებად ითვლება.
გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს. სუს-ის ცნობით, ბრალდებულს ამ სამსახურების წარმომადგენლებთან „მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები” ჰქონდა — ისინი ხდებოდა როგორც პირადი შეხვედრებით, ასევე ელექტრონული საშუალებებით. ზოგჯერ შეხვედრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტარდებოდა, კონსპირაციის დასაცავად და ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად.
ბრალდებულს, სუს-ის ცნობით, უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით საინფორმაციო პლატფორმები ჰქონდა შექმნილი. ასევე, ის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს ორგანიზებდა.
„საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას,” — ითქვა ბრიფინგზე.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.