სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით „დივერსიის“ დაგეგმვისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ დაკავებულია ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სახელისუფლებო მედიის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც ბექა ჭულუხაძე და რომელსაც ბრალად ედება „2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.
10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული, რომლის ვინაობაც მან არ დაასახელა, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.
ტელეკომპანია „იმედი“ 2025 წელს იტყობინებოდა, რომ ბექა ჭულუხაძე, რომლისგანაც სუს-მა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო, 2024 წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებდა.
ჭულუხაძემ, რომელიც ყოფილი სამართალდამცველია და რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში იბრძოდა, 2025 წლის 15 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას უარყო 4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებული ბრალდებები და განაცხადა, რომ მას იარაღთან საერთო არაფერი ჰქონდა.
თუმცა, მაღრაძემ 10 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში მოქმედი „ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის“ ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც „4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ“.
„როგორც გახსოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
„გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით“, – აღნიშნა მაღრაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.