← მთავარი
სამართალი

სუროგაციის სკანდალური საქმის დეტალები - რამდენი ქალი დაზარალდა და როგორ იქცნენ სუროგატი დედები ტრეფიკინგის მსხვერპლად?

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სუროგაციის სკანდალური საქმის დეტალები - რამდენი ქალი დაზარალდა და როგორ იქცნენ სუროგატი დედები ტრეფიკინგის მსხვერპლად?

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე კომპანია შპს “ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს - გენერალურ დირექტორს, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანსა და უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მელიქიანი ამჟამად პატიმრობაშია, ტიმოშენკო კი ძებნაშია და მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს:

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს “ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს. კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, მათგან ერთი დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) სრულად ცნო დამნაშავედ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თემის ირგვლივ ambebi.ge-ს დაზარალებული სუროგაციის პროგრამაში მონაწილე ქალების ადვოკატი, კომპანია “საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ესაუბრა:

თვითონ “ქინდერლის“ ჰყავდა ორი დამფუძნებელი - უკრაინელი რუსლან ტიმოშენკო და სომეხი არმენ მელიქიანი. საჩივრების მიუხედავად, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, გენერალური პროკურატურიდან დავიწყე (2025 წლის იანვარში გავაგზავნე პირველი საჩივარი) და ვწერდი ყველგან, თუმცა არანაირი რეაგირება არ ხდებოდა, ჩემი საჩივრები სხვადასხვა სამმართველოებში და განყოფილებებში იგზავნებოდა.

მელიქიანიც და ტიმოშენკოც არ აღიარებდა დანაშაულს, ორივე დისტანციურად იყო წარმოდგენილი ადვოკატის მონაწილეობით. ახლა მსჯავრდადებულების ადვოკატები გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით. პირველ ინსტანციაში ჩემი მიზანი ნამდვილად არ იყო ის, რომ გინდა თუ არა 10 წლით ჩამჯდარიყო ეს ადამიანი ციხეში, ჩემი მიზანი იყო შექმნილიყო პრეცედენტი ამ საქმეზე, რომ ვერც ერთმა სხვა კომპანიამ ვერ შეძლოს სხვა სუროგატი ქალების უფლებების დარღვევა იმიტომ, რომ ჩვენ სხვა კომპანიების მსხვერპლებიც მოგვმართავენ, რომლებიც ჩივიან, რომ არ გადაუხადეს ჰონორარები და ასახელებენ თავიანთი უფლებების დარღვევებს. ამაზეც შეტანილი გვაქვს საჩივრები. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი ყველა კლინიკისთვის და რეპროდუქციული ცენტრისთვის, რათა მათ აღარ გაბედონ მსგავსი დარღვევები და არ მიითვისონ სხვისი თანხები. პირველ ინსტანციაში ჩემი ინტერესი იყო ერთი, რომ ეს პრეცედენტი დამდგარიყო და დამფუძნებლები დამნაშავედ ცნობილიყვნენ, თუმცა ჩვენი მხარე მიდიოდა მოლაპარაკებაზე და მზაობას გამოთქვამდა, რომ ამ ბრალდებულებთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაზარალებულებს აუნაზღაურებდნენ ზიანს, ანუ ის ჰონორარები, რომლებიც მათ ხელშეკრულებით ეკუთვნოდათ, უნდა გადაეხადათ. თავიდან თითქოს იყო მზაობა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე არ იქნა ანაზღაურებული თანხები და აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ბოლომდე მყარად დარჩა - მაქსიმალური სასჯელი. მუხლი 11 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა და თითოეულ ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა. დღესაც არ ვართ წინააღმდეგი რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ სასჯელი და პირობითად, 2-3 წელი დაყონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი მსხვერპლებს დააკმაყოფილებენ. ისინი სრულად თუ შეძლებენ მსხვერპლების დაკმაყოფილებას, ჩვენ მივდივართ დათმობაზე და თანხმობას განვაცხადებთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების კუთხით.

← მთავარი