საქართველოს ს. მეტრეველის სახელობის სუპერთასი. "ტორპედო" მეოთხედ, თბილისის "დინამოს" მესამე ადგილი ერგო
საქართველოს ს. მეტრეველის სახელობის სუპერთასი
ფინალი
იბერია 1999 2:2, პენ 4:5 ტორპედო
01.07. თბილისი. მიხეილ მესხი
გოლები: 0:1 ანდრიჩი (5. არაბიძის პასით), 0:2 არაბიძე (34), 1:2 ბედოშვილი (37. ნაჭყებიას პასით), 2:2 დადიანი (75. ბართიშვილის პასით)
იბერია: მაკარიძე, ზოჰური, ამისულაშვილი, კუცია (68. ჯინჯოლავა), ბოჭორიშვილი (77. ქობულაძე), დადიანი, ქარდავა, ნაჭყებია (77. ღუდუშაური), ბართიშვილი (77. კულიევი), ბედოშვილი, ძაგანია (59. სიხარულაშვილი)
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი (76. ჩერიფი), შიმიჩი, მანე, კუპრავა, ბუკია, მამუჩაშვილი, სკორუპი (55. დეისაძე), პირესი, არაბიძე (66. პინსონი), ანდრიჩი
მწვრთნელი: დირკ შუსტერი
გაძევება: კულიევი (83. იბერია)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი
III ადგილისთვის
დილა 0:0, პენ 2:4 დინამო (თბ)
01.07. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, კანტე (77. მუსელიანი), არაუჟო, ჯალაღონია, სანიანგი, ტალი (77. კუაკუ), ოლატუნჯი (18. ანოფი), მენთეშაშვილი, დონკორი (56. ფარულავა), შეყილაძე (46. გოგობერიშვილი)
მწვრთნელი: დიამანტის ვავალისი
დინამო: მაქაცარია, სანტუში, ქვარცხავა (56. დანელია), ნინუა, ოსეი, კურდიჩი, ალექსიძე (46. ბა), ხარაბაძე (56. ფსალტისი), ციკოლია, კაკაშვილი (79. ვაწაძე), კვარაცხელია (56. ტეიშეირა)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
არბიტრი: დ. ბუთიაშვილი
რა გველის მოახლოებულ ევროთასებზე? ამის ნახვა გულშემატკივრებს სუპერთასის ფინალში შეეძლოთ, რომელიც “მიხეილ მესხი არენაზე” გაიმართა. თამაში ურიგო არ იყო, მაგრამ ევროტურნირებზე ასეთი ფეხბურთით წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭრდებათ…
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული კი ქუთაისის “ტორპედო” გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის “იბერია 1999” დაამარცხა და მეოთხედ მოიგო ტიტული.
მოქმედი ჩემპიონის, “იბერიასა” და წინა სეზონის მესამეადგილოსნის, “ტორპედოს” დაპირისპირებას, სამწუხაროდ, ბევრი მაყურებელი არ ჰყავდა, რაც ნამდვილად აღარ გვიკვირს…
კვანძი სწრაფად გაიხსნა - თამაში “იბერიას” უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მე-5 წუთზე ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. კონტრშეტევა სწრაფად განვითარდა. გიორგი არაბიძე მარჯვენა ფლანგზე გიორგი კუციას გასცდა და კარის წინ კომნენ ანდრიჩი მონახა, რომელმაც შანსი გოლად აქცია და ქუთაისელები დააწინაურა. ამ ეპიზოდში თბილისელთა დაცვა აშკარად ჩავარდა.
მალე ვიდეორეფერიზე თბილისელთა საჯარიმოში მომხდარი მომენტი გადაამოწმეს, როდესაც ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ. არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ ეპიზოდის განხილვამ მცირე კონფლიქტი გამოიწვია და “იბერიას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ირაკლი მოდებაძე, სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს.
“იბერიამ” დიდი ძალებით შეუტია და მომენტები შექმნა, მაგრამ ნიკა დადიანის დარტყმა არაზუსტი გამოხდგა, ვახო ბედოშვილისა და ამირან ძაგანიას სახიფათო “გასროლებს” კი მეკარე ოთო გოშაძე გადაეღობა. ამას ქუთაისელთა მორიგი კონტრშეტევა მოჰყვა და ანდრიჩს მეორის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.
ტემპი დაბალი იყო. თამაში მცირე “აფეთქებებით” თამაში მწვავდებოდა. “იბერია” ზეწოლას ზრდიდა და მორიგი იერიშის დაგვირგვინებას შორეული დარტყმით ანდრია ბართიშვილი შეეცადა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა. შემდეგ კი ორჯერ არმელ ზოჰურმა შეუტია და კარი ვერც მან აიღო.
ამასობაში, “ტორპედომ” 34-ე წუთზე მეორეც გაიტანა. არაბიძემ თბილისელთა მცველს მის საჯარიმოში დაუდევრობა არ აპატია, ბურთი აართვა და ახლოდან ზუსტად დაარტყა. ამ დროს ანდრეი დემჩენკოს გუნდის მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა. თუმცა, თბილისელებმა მოახერხეს სხვაობის შემცირება და თამაშში დარჩენა. 38-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი გადაცემით საჯარიმოში ბედოშვილი მონახა, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:2.
მეორე ტაიმი “იბერიამ” კვლავ აქტიურად დაიწყო და თამაშის გადარჩენა სცადა. დირკ შუსტერის გუნდი კი მეტისმეტად ფრთხილად თამაშობდა და შეტევაში იშვიათად გადადიოდა, რადგან ძირითად აქცენტს დაცვის საიმედოობაზე ამახვილებდა. მთლიანობაში მეორე ნახევარში პირველზე გაცილებით ნაკლები მომენტი შეიქმნა.
“იბერიას” მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ანგარიში მაინც გაათანაბრა. 75-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა ქუთაისელთა საჯარიმოში ნიკა დადიანს შეაყოლა ბურთი - ახლო მაღალ კუთხეში ზუსტი დარტყმა და და - 2:2.
ემოციური ფონი “იბერიას” მხარეს იყო. მაგრამ 83-ე წუთზე თბილისელთა დებიუტანტმა ელდარ ყულიევმა, რომელიც მოედანზე სულ 6 წუთის შესული იყო, წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ ქუთაისის “ტორპედომ” შეასრულა. გადამწყვეტი 11-მეტრიანი ნიკა სიხარულაშვილს გოშაძემ აუღო და “ტორპედოს” გაამარჯვებინა.