"სუპერთასის მოგება აჩვენებს, რომ მაინც სწორ გზაზე ვართ... პინსონი? მისი წამოყვანა ჯერ კიდევ ორი წლის წინ მინდოდა"... რა უთხრა ხორვატმა ლეგიონერმა დავით კერესელიძეს "ტორპედოს" პრობლემებზე...
კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტამდე დღეებია დარჩენილი. ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტი დავით კერესელიძე გვესაუბრება იმაზე, თუ რა სიახლეებია გუნდში მოსალოდნელი ევროთასების წინ და მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში.
სანამ ინტერვიუს გაეცნობით, შეგახსენებთ, რომ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტორპედო” აზერბაიჯანულ “ზირას” დაუპირისპირდება. ქუთაისური კლუბის როგორც საშინაო, ისე გასვლითი მატჩის ტრანსლაციას “სილქ უნივერსალი” უზრუნველყოფს. პირველი შეხვედრა 8 ივლისს სუმგაითში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 16 ივლისს ქუთაისში.
არ მეგონა, დაცვაში ასეთ შეცდომებს თუ დავუშვებდით…
-
პირველ რიგში, გილოცავთ სუპერთასის მოპოვებას, რაც ახლა გუნდისთვის და პირადად თქვენთვისაც ბევრს ნიშავდა, რადგან ქუთაისის “ტორპედოში” ჩადებული დიდი ინვესტიციის მიუხედავად, წარმატებები და ტიტულები მძიმედ მოდის…
-
ბუნებრივია, ნებისმიერი ტიტული ძალიან მნიშვნელოვანია, თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმატით ტურნირი მეოთხედ ჩატარდა და “ტორპედომ” ორჯერ მოიგო - 2024-ში და წელს. თანაც ამ ფორმატით წელს ბოლოჯერ ტარდება. ეს სასიამოვნოა, რადგან “ტორპედოს” ნებისმიერი ტიტული გულშემატკივარს ახარებს და აჩვენებს, რომ მაინც სწორ გზაზე ვართ.
-
ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებულებს “იბერიამ” ბოლოს გაგითანაბრათ. ინერვიულეთ?
-
ამან უფრო გამაოცა, რადგან არ მეგონა, 2:0-ის შემდეგ დაცვაში ასეთ შეცდომებს თუ დავუშვებდით. სხვა ტიპის თამაშის მოლოდინი გვქონდა და ასეთი რამ გულდასაწყვეტია. მაგრამ კარგია, რომ ეს სუპერთასის ფინალში მოხდა და არა კონფერენსლიგაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის იმ გაგებით, რომ “ტორპედო” არა მხოლოდ ქალაქისთვის ითამაშებს, არამედ ქვეყანასაც წარადგენს. ძალიან მინდა, ოთხივე ქართულმა კლუბმა ღირსეულად ითამაშოს…
-
თქვენ სხვებთან შედარებით უფრო რთული მეტოქე შეგხვდათ…
-
…და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი მოგვეთხოვება.
გარედან არ ჩანს, რაც გუნდის შიგნით ხდება
-
ქუთაისელი გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო, რომ ტრანსფერებს არ ახორციელებდით. ამას მხოლოდ ბოლო დღეებში ვხედავთ. ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი დინო სკორუპი და ფრანგი შემტევი ვირჯილ პინსონი დაიმატეთ. ამით სატრანსფერო აქტიურობა დასრულდა?
-
ხანდახან გარედან არ ჩანს ის, რაც გუნდის შიგნით ხდება. სანამ ტრანსფერი არ გაოფიციალურდება, კლუბი ვერ იტყვის, ვისთან აქვს მოლაპარაკება. დირკ შუსტერი მიიჩნევდა, რომ გაზაფხულზე სხვა ტრანსფერების განხორციელებაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩემთვის გიორგი არაბიძის დაბრუნებამ, ასევე დიეგო დეისაძისა და დათო ბუკიას მოსვლამ “ტორპედო” ნამდვილად გააძლიერა.
-
რაც შეეხება ლეგიონერებს…
-
ვირჯილ პინსონის ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი წლის წინ “ნოა” ჯგუფურ ეტაპზე სწორედ მან გაიყვანა. ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა მისი წამოყვანა, ამ ადამიანთან ორი წელია ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს ახლა მოხერხდა. მასაც უნდა ეგრძნო, რომ “ტორპედო” ის გუნდია, სადაც კარიერა უნდა გააგრძელოს.
ბევრი ახალწვეული პრობლემაა
-
ლუის ენრიკემ თქვა, რომ გუნდის გაძლიერება ნიშნავს არა ახალი შემადგენლობის შეკრებას, არამედ ბირთვის შენარჩუნებას და პრობლემურ პოზიციებზე უკეთესი ფეხბურთელების მოყვანას. თქვენ ეს მოახერხეთ?
-
ამ აზრს აბსოლუტურად ვეთანხმები. გულშემატკივარი თვლის, რომ ერთი წლის წინ კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ. მაშინ 5-6 ფეხბურთელი მოვიყვანეთ. თუ გულშემატკივარი ასე თვლის, იმ კარგ ფეხბურთელებს დღეს ხომ არ გავუშვებთ? ამიტომ დავამატეთ ჯერ სამი ახალწვეული, ახლა - ორი. მანამდეც ხომ გვყავდა გუნდში ნორმალური ფეხბურთელები? აქედან გამომდინარე, მარტივი მათემატიკაა - თუ ერთი სატრანსფერო “ფანჯრის” დროს 5-6 მოთამაშეს ამატებ და შემდეგზე კიდევ ამდენს, ეს პრობლემაა. არ გამოვრიცხავ, რომ წელს კიდევ ვინმე დავიმატოთ, კონკრეტული პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობა მიდის. მე ვარ პერფექციონისტი ვარ და კმაყოფილი არ ვარ. სუპერთასზეც განსაკუთრებით გამოჩნდა, რომელ პოზიციაზე გვიჭირს. მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ, შედეგი მოვა.
ეროვნულ ლიგას სერიოზულად არ ეკიდებიანო…
-
ზოგადად ჩემპიონატის დონე უკმაყოფილებას იწვევს. კვერცხისა და ქათმის ამბავივითაა - ჩემპიონატის საერთო მდგომარეობამ დაწია გუნდების დონე თუ გუნდებმა დაწიეს - ჩემპიონატის?
-
ჩემპიონატის დონე რომ ასაწევია, მგონი ამას ჩემი თქმა არ სჭირდება. ხორვატ ახალწვეულ დინო სკორუპთან ჩვენს გუნდზე ვსაუბრობდი. ის დიდი ხანია “ტორპედოს” თამაშებს უყურებს, რადგან ჩვენთან მისი მეგობრები თამაშობდნენ, კომნენ ანდრიჩსაც იცნობს… პირდაპირ ეს კითხვა დავუსვი - რა ჭირს “ტორპედოს”-მეთქი? ძალიან საინტერესო იყო მისი რეაქცია, რომ, თითქოს, სპორტული კუთხით ყველაფერი დალაგებულია, გუნდს კარგად ვიცნობ, რადგან მეგობრები ყველაფერს მიყვებიანო.
-
ფინანსური და სავარჯიშო პირობები იგულისხმა?
-
დიახ. საინტერესო ისაა, რაც მერე მითხრა - მე მგონია, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და ეროვნული ლიგის თამაშებს სერიოზულად არ ეკიდებიანო. სამწუხაროდ, ეს იყო მისი დასკვნა. მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. არ მინდა შორს წავიდე, მაგრამ შიდა ჩემპიონატში “ყარაბაღი” და დონეცკის “შახტარი” სხვა გუნდს ათამაშებს, ევროტურნირზე კი სხვა გუნდი გადის. ყველამ ვიცით, “ყარაბაღი” ევროტურნირზე როგორ გამოვიდა და ამ დროს, აზერბაიჯანის ჩემპიონი ვერ გახდა. ჩვენთანაც მსგავსი პრობლემებია და ამაზე უნდა ვიმუშავოთ.