"სუპერ" ელ-ნინიო მოდის: მეცნიერები კატასტროფული სიცხისა და შტორმების შესახებ გვაფრთხილებენ - რას უნდა ველოდოთ?
წყნარ ოკეანეში საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა დაიწყო, რომელიც უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წელს შესაძლოა ე.წ. “სუპერ“ ელ-ნინიოს მომსწრენი გავხდეთ, რაც რადიკალურად შეცვლის ამინდს მთელ პლანეტაზე.
რა არის ელ-ნინიო და რატომ არის ის საშიში?
ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც წყნარი ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატებით (ნორმაზე მინიმუმ 0.5 გრადუსით მეტი) ხასიათდება და ჩვეულებრივ 2-დან 7 წელიწადში ერთხელ მეორდება. მეცნიერთა პროგნოზით, არსებობს 63%-იანი შანსი, რომ წელს ტემპერატურამ ნორმას 2 გრადუსით გადააჭარბოს, რაც მას “სუპერ“ ელ-ნინიოს სტატუსს მიანიჭებს. ბოლო ასეთი მასშტაბური მოვლენა 2015-2016 წლებში დაფიქსირდა, რამაც გლობალური ტემპერატურის რეკორდული მატება და კარიბის ზღვის აუზში ბოლო 500 წლის მანძილზე უძლიერესი გვალვა გამოიწვია.
ელ-ნინიო ამინდს გლობალურად თავდაყირა აყენებს. ატლანტის ოკეანეში ქარიშხლების სეზონი შესაძლოა უფრო მშვიდი იყოს, რადგან ქარების ცვალებადობა ხელს უშლის შტორმების ჩამოყალიბებას. თუმცა, წყნარ ოკეანეში, პირიქით, ქარიშხლების აქტივობის ზრდას ელიან, რაც საფრთხეს უქმნის მექსიკასა და ჰავაის. ამერიკის სამხრეთ შტატებში მოსალოდნელია უხვნალექიანი შემოდგომა და ზამთარი. მეცნიერები საუბრობენ “ატმოსფერულ მდინარეებზე“ - ცაში არსებულ უხილავ წყლის ორთქლის გიგანტურ ზოლებზე, რომლებიც ხმელეთზე მოხვედრისას ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობებს იწვევს. გვალვა, ტყის ხანძრები და ინფექციური დაავადებები სანამ სამხრეთი იტბორება, ჩრდილოეთ შტატებსა და კანადაში რეკორდულ სიცხესა და გვალვას ელიან. თოვლის ადრეული დნობა და მშრალი ნიადაგი მომავალ ზაფხულს ტყის მასშტაბური ხანძრების რისკს ზრდის.
გარდა ამინდისა, ელ-ნინიო ჯანმრთელობისთვისაც საშიშია. ტენიანობისა და სიცხის მატება ხელსაყრელ პირობებს ქმნის კოღოებისა და სხვა მავნებლების გამრავლებისთვის. 2015-2016 წლების “სუპერ“ ელ-ნინიოს დროს მკვეთრად იმატა დასავლეთ ნილოსის ვირუსისა და ჰანტავირუსის აფეთქებებმა.
ეკონომიკური დარტყმა და სურსათის ფასები
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ წლევანდელი ელ-ნინიო “ცეცხლზე ნავთს დაასხამს“ გლობალური დათბობის პროცესს. მოსალოდნელია სერიოზული შეფერხებები სოფლის მეურნეობაში:
გვალვა შუადასავლეთის შტატებში საფრთხეს უქმნის მოსავალს. წყალდიდობებმა შესაძლოა დააზიანოს ბამბისა და ხორბლის პლანტაციები. მიწოდების ჯაჭვების დარღვევა კი პირდაპირ აისახება სურსათის ფასებზე.
ექსპერტების თქმით, ეს ელ-ნინიო შესაძლოა ბოლო საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს, რაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. წყარო იხილეთ ასევე:
არის თუ არა საქართველოს ამინდები კავშირში “ელ-ნინიოსთან” და როგორი ივლისი-აგვისტო გველოდება - “არ უნდა გაგვიკვირდეს, ძლიერი სიცხის ტალღები რომ ვიხილოთ” წყალდიდობები, გვალვა, ხანძრები და სურსათის დეფიციტი - “სუპერ ელ-ნინიო“ იწყება: მეცნიერები მსოფლიოს აფრთხილებენ