← მთავარი
საზოგადოება

„სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება - ახალი მონაცემების მიხედვით, მეცნიერები მსოფლიოში ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

7 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება - ახალი მონაცემების მიხედვით, მეცნიერები მსოფლიოში ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

მეცნიერები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ წყნარ ოკეანეში განვითარებულ ელ-ნინიოს, რომელიც შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოვლენა გახდეს. სპეციალისტების პროგნოზით, მისმა გაძლიერებამ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა გამოიწვიოს - ძლიერი სიცხის ტალღებიდან დაწყებული, წყალდიდობებითა და გვალვებით დამთავრებული.

სინოპტიკოსების შეფასებით, ტროპიკულ წყნარ ოკეანეში მიმდინარე ელ-ნინიო მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება და პიკს გვიან შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში მიაღწევს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მას უკვე “სუპერ ელ-ნინიოს“ უწოდებენ.

ბოლო ათწლეულებში მსგავსი მასშტაბის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 2015-2016 წლებში იყო. თუმცა, ზოგიერთი კლიმატური მოდელის მიხედვით, ახალი ელ-ნინიო შესაძლოა 1950 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველა მსგავს მოვლენაზე ძლიერი აღმოჩნდეს.

“პროგნოზები თითქმის უპრეცედენტოა“, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის ატმოსფეროს მეცნიერმა მაიკლ ტიპეტმა.

ელ-ნინიო ბუნებრივი კლიმატური ციკლია, რომელიც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებას უკავშირდება. ოკეანის დათბობა გავლენას ახდენს ატმოსფეროზე და შემდეგ უკვე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის ცვლილებებს იწვევს.

ძლიერი ელ-ნინიოს დროს ოკეანიდან ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სითბო გადადის, რაც ზრდის გლობალურ საშუალო ტემპერატურას და ზრდის ექსტრემალური ამინდის ალბათობას.

მეცნიერების თქმით, ამ მოვლენამ შესაძლოა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები გამოიწვიოს. ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმები და წყალდიდობები, ზოგიერთში კი ხანგრძლივი გვალვა და სიცხის ტალღები.

ელ-ნინიოს გავლენა მხოლოდ ამინდზე არ შემოიფარგლება. მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობასაც. მაგალითად, წარსულში მსგავსი მოვლენები ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში ბრინჯის მოსავლის შემცირებას უკავშირდებოდა, რასაც საკვების ფასების ზრდა მოჰყვა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) ქვეყნებს მოუწოდებს, წინასწარ მოემზადონ შესაძლო შედეგებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ელ-ნინიოს გაძლიერებამ შესაძლოა გაზარდოს სიცხის ტალღების რისკი როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში.

← მთავარი