მეცნიერები სამყაროს აღსასრულის ახალ სცენარზე ლაპარაკობენ: შესაძლოა, მზემ დედამიწა არ შთანთქას - რა აჩვენა კვლევამ?
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ მზე გაფართოებას დაიწყებდა და ამ პროცესში ჩვენს პლანეტას შთანთქავდა - სწორედ ასე წარმოედგინათ სამყაროს აღსასრული. თუმცა, ახალი კვლევა სულ სხვა სცენარს ვარაუდობს. The Daily Mail-ის ინფორმაციით, მეცნიერები ახლა ფიქრობენ, რომ მზის “სიკვდილისწინა კონვულსიები“ დედამიწას ღია კოსმოსში გატყორცნის, რაც მას განადგურებას სასწაულებრივად აარიდებს. მკვლევრების თქმით, ცეცხლოვან აღსასრულს მარსიც გადაურჩება, აი, მერკურისა და ვენერას კი ნაკლებად გაუმართლებთ - მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ორ პლანეტას ვარსკვლავი აუცილებლად შთანთქავს.
კვლევის წამყვანი ავტორი, ლევენის უნივერსიტეტის ასპირანტი მატს ესელდერსი განმარტავს, რომ დედამიწის ბედი ორ ძალას შორის არსებულ “მყიფე ბალანსზეა“ დამოკიდებული. ესენია: გრავიტაციული “მოქცევითი“ ძალები, რომლებიც დედამიწას მზისკენ მიიზიდავს და მძლავრი მზის ქარების საწინააღმდეგო ნაკადი, რომელსაც გაფართოების პროცესში მზის მასის კარგვა გამოიწვევს. “თუ მოქცევითი ურთიერთქმედება გაიმარჯვებს, მზე დედამიწას შთანთქავს, ხოლო თუ მზის მასის კარგვა გადაწონის, დედამიწა ისეთ ორბიტაზე გადაინაცვლებს, რომელიც ვარსკვლავის რადიუსს აჭარბებს“, - აცხადებს ესელდერსი. ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები სტაბილურობას მანამ ინარჩუნებენ, ვიდრე საწვავად წყალბადის მარაგი ყოფნით. როდესაც წყალბადი საკმარისია, კოლოსალურ გრავიტაციულ ძალას ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული სინთეზის საწინააღმდეგო წნევა აბალანსებს. მაგრამ, როდესაც ვარსკვლავის სიცოცხლის მიწურულს წყალბადი ილევა, ეს ბალანსი ირღვევა და ვარსკვლავი შეკუმშვას იწყებს.
ეს შეკუმშვა ბირთვს იმ ტემპერატურამდე ახურებს, რომლის დროსაც ჰელიუმის ატომები ნახშირბადად სინთეზირდება. შედეგად გამოიყოფა ენერგიის მძლავრი ნაკადი, რომელიც თერმობირთვულ სინთეზს ვარსკვლავის გარე ფენებშიც უშვებს - ისინი ფართოვდება და ცივდება.
გაფართოებული ვარსკვლავი წითელ გიგანტად იქცევა და ზომაში 100-დან 1000-ჯერ იზრდება. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რამდენად დიდი გახდება მზე, თუმცა მკვლევართა უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ მაშინაც კი, თუ ის დედამიწის ამჟამინდელ ორბიტას არ გასცდებოდა, ჩვენი ბედი მაინც გადაწყვეტილი იქნებოდა.
ამის მიზეზი არის ფენომენი, რომელსაც “მოქცევით გაფანტვას“ უწოდებენ - ის ჩვენს პლანეტას ნელ-ნელა მზისკენ ჩაითრევდა. მზის გაფართოებასთან ერთად, დედამიწის გრავიტაციული მიზიდულობა მზის ზედაპირზე მცირე ამაღლებას ან ტალღას წარმოქმნიდა, ზუსტად ისე, როგორც მთვარე იწვევს დედამიწის ოკეანეების მოქცევას. ეს ტალღა პლანეტას ჩამორჩებოდა და მის ორბიტაზე მუხრუჭივით იმოქმედებდა - ნელ-ნელა შთანთქავდა მის ენერგიას და მზეში გაფანტავდა. აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს მოქცევითი ძალები მზის მასის კარგვით გამოწვეულ ვარსკვლავური ქარის ნაკადს სძლევდა და დედამიწა განადგურდებოდა. თუმცა, ესელდერსი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ეს თეორია ვარსკვლავებში მოქცევითი გაფანტვის არასაკმარისად ზუსტ გაგებას ეფუძნებოდა. გაუმჯობესებული მოდელების გამოყენებით, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ამ მოქცევითი ეფექტების გავლენა რეალურად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ადრე ითვლებოდა. მათ ეს გრავიტაციული პროგნოზები შეუსაბამეს მზის “მოხუც ბიძაშვილად“ წოდებულ ვარსკვლავ L2 Puppis-ზე დაკვირვების შედეგებს. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა შეეფასებინათ, თუ რამდენად ძლიერ მზის ქარს წარმოქმნის ჩვენი მნათობი წითელ გიგანტად გადაქცევისას. ამ დაპირისპირებაში მიზიდულობისა და განზიდვის ძალების შედარების შემდეგ, მკვლევრები ახლა იმ აზრს ემხრობიან, რომ დედამიწას გადარჩენის დიდი შანსი აქვს. კვლევის თანაავტორი, დოქტორი სტეფან მატისი საფრანგეთის CEA Paris-Saclay-ის ცენტრიდან ამბობს: “მოქცევის ფიზიკის უფრო ღრმა გაგება და მასის კარგვის შესახებ ჩვენ ხელთ არსებული უახლესი მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ცოდნის ამჟამინდელ ეტაპზე, დედამიწას შეუძლია მზეს დაშორდეს, რაც ეწინააღმდეგება ადრეულ პროგნოზებს“. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ: დედამიწის ბედი საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი. ისინი აღნიშნავენ, რომ ზღვარი გადარჩენასა და ცეცხლოვან განადგურებას შორის მთლიანად დამოკიდებულია გრავიტაციული გაფანტვისა და მასის კარგვის მყიფე ბალანსზე.
კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ამ მონაცემების მცირედი ცვლილებაც კი საკმარისია, რათა პლანეტა ან მზემ შთანთქას, ან უსაფრთხოდ გავიდეს ღია კოსმოსში. ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები წერენ: “AGB (ასიმპტოტური გიგანტების შტო) სტადიაზე მასის კარგვის სიჩქარის ამჟამინდელი ბუნდოვანების გათვალისწინებით, დედამიწის საბოლოო ბედი კვლავ უცნობია“. გარდა ამისა, დედამიწამ პირველადი ტრანსფორმაციაც რომ გადაიტანოს, სიცოცხლე პლანეტაზე დიდხანს მაინც ვერ გასტანს. წითელ გიგანტად ქცევის შემდეგ, მზე თანდათან დაწვავს საწვავის ნარჩენებს და შეიკუმშება უკიდურესად მკვრივ ვარსკვლავად, რომელსაც თეთრ ჯუჯას უწოდებენ. თერმობირთვული სინთეზის უნარდაკარგული ვარსკვლავი ნელ-ნელა ჩაქრება და გაცივდება, დედამიწა კი გაყინულ, უსიცოცხლო სხეულად იქცევა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ეს სცენარი მხოლოდ 7-8 მილიარდი წლის შემდეგ განვითარდება. წყარო