← მთავარი
მსოფლიო

სუმი, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი - უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის მორიგ შეტევას

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სუმი, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი - უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის მორიგ შეტევას

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 3 ივლისს დილით გავრცელებული ცნობით, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა სუმის ოლქის რომენის რაიონში, სადაც რუსული დრონი სახლს მოხვდა და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა რეგიონში დრონებით ოთხჯერ შეუტიეს ავტოგასამართ სადგურებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის, სინელნიკოვის და კამენსკის რაიონებში, სადაც დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები და ავტოგასამართი სადგურები.

მანამდე, 2 ივლისის საღამოს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ქალაქ კრივოი-როგზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა შვიდი ადამიანი. დაზიანებულია ცხრა მრავალბინიანი სახლი, სკოლა და საწარმო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 3 ივლისს რუსული დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე, სადაც დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაზიანებული და დამწვარია რამდენიმე კერძო სახლი.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 3 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 ივლისის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი მართვადი საავიაციო რაკეტით და 105 უპილოტო საფრენი აპარატით.

დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო ერთი რაკეტის და 82 დრონის მოგერიება და ერთი რაკეტით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა 16 ადგილზე.

← მთავარი