← მთავარი
სამართალი

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამებაზე

24 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამებაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი, რომლებიც სიცოცხლის უფლებასა და წამების აკრძალვას ეხება, და 2008 წელს რვა ქართველი სამხედრო ტყვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, წამებისა და მკვლელობისთვის, მოსკოვს მსხვერპლთა ოჯახებისა და გადარჩენილი სამხედროებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ და „ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ“ გაერთიანებულ საქმეებზე 23 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი და  პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა.მე-2 მუხლი ეხებოდა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის – უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის და გიორგი ანწუხელიძის – გარდაცვალებას პატიმრობაში, ხოლო მე-3 მუხლი ეხებოდა ამ სამი პატიმრის, ასევე ხუთი სხვა ქართველი სამხედრო მოსამსახურის – დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებას.საქმეები სასამართლოს სამი დაღუპული სამხედრო ტყვისა და იმ ხუთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახებმა წარუდგინეს, რომლებიც გადაურჩნენ პატიმრობას, თუმცა წამების მსხვერპლნი გახდნენ. მომჩივანთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და Stichting Justice Initiative იცავდნენ. საქართველოს მთავრობა მესამე მხარის სახით მონაწილეობდა. განაცხადები სასამართლოში 2009 და 2010 წლებში შევიდა, ხოლო გადაწყვეტილება მასში ასახული მოვლენებიდან თითქმის 18 წლის შემდეგ იქნა მიღებული.„ისტორიული და ემოციური დღეა“, – დაწერა საია-ს ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა სოციალურ ქსელში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. „ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა“.სასამართლომ რუსეთს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში არამატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კერძოდ:65,000 ევრო უშანგი სოფრომაძის მეუღლისა და შვილებისთვის ერთობლივად;65,000 ევრო კახაბერ ხუბულურის დედისთვის;65,000 ევრო გიორგი ანწუხელიძის მეუღლისა და შვილებისთვის ერთობლივად;40,000 ევრო დანარჩენ განმცხადებლებს თითოეულს.უცნობია, აღსრულდება თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, რადგან 2022 წელს ევროპის საბჭოდან გარიცხვის შემდეგ, რუსეთმა მიიღო კანონმდებლობა, რომლითაც უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.

← მთავარი