← მთავარი
საზოგადოება

შსს-მ უცხოელი სტუდენტების რეგულაციის კანონპროექტი მოამზადა

8 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
შსს-მ უცხოელი სტუდენტების რეგულაციის კანონპროექტი მოამზადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებებს შეიტანს. უწყება ამ ნაბიჯს „მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნად” განმარტავს.

ამჟამინდელი კანონი, შსს-ს თქმით, სტუდენტის ჩარიცხვის დეტალურ რეგულაციას არ ითვალისწინებს. შედეგად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხებოდა უნივერსიტეტში, მაგრამ სასწავლო პროცესში რეალურად არ მონაწილეობდა.

კანონპროექტი სამ ძირითად ცვლილებას ადგენს:

ენობრივი კომპეტენცია: უცხოენოვან სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვა მხოლოდ საერთაშორისო სერთიფიკატის ან NAEC-ის გამოცდის ჩაბარების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

კვოტები: მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური ოდენობა კონკრეტული დაწესებულებისთვის.

ანგარიშგება: უნივერსიტეტი ვალდებული იქნება სტუდენტის ჩარიცხვის, სტატუსის ცვლილებისა და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სისტემაში ასახოს. სახელმწიფო უწყებებს ამ ბაზაზე სრული წვდომა ექნებათ.

წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულებას ჯარიმა ან უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა, ხოლო განმეორებითი სამართალდარღვევისას — ავტორიზაციის გაუქმება ემუქრება.

← მთავარი