← მთავარი
სპორტი

სპორტის ჟურნალისტებმა პროფესიული დღე დაჯილდოებით აღნიშნეს | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
სპორტის ჟურნალისტებმა პროფესიული დღე დაჯილდოებით აღნიშნეს | Lelo.Ge

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სპორტის ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს მიძღვნა.

დღესასწაულს დაესწრნენ სასპორტო მედიის წარმომადგენლები, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარკ ვენტულაკი, სასპორტო ფედერაციათა ხელმძღვანელები და ოფიციალური პირები.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ სსჟა-ს პრეზიდენტი გიგა გვენცაძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძემ, რომლებმაც სპორტის ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს. შემდეგ ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალიც დაიწყო.

მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია სპორტის ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს გადაეცა. იგი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა. მანვე ბარათაშვილს “სპორტის რაინდის” წოდება მიანიჭა.

საუკეთესო კომენტატორისთვის განკუთვნილი კოტე მახარაძის სახელობის პრემია დიმიტრი ობოლაძეს მარკ ვენტულაკმა გადასცა, ნოდარ გუგუშვილის პრემია წლის საუკეთესო გამოცემისთვის გაზეთ “ლელოს” თანამშრომელ ვაჟა დანელიას მიენიჭა და ის ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

ირაკლი მეძმარიაშვილმა ეროსი მანჯგალაძის პრემია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - მერაბ მამულაშვილსა და ნინო გაბელიას გადასცა. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ინტერნეტსივრცეში საინტერესო პროექტებისთვის ზაალ გიგინეიშვილის პრემიით კრისტალსპორტის გუნდის წევრები დააჯილდოვა; გურამ თიკანაძის პრემიის ლაურეატი გახდა ფოტოხელოვანი ვარლამ გენგიური; ჯამლეტ ხუხაშვილის პრემია ლაშა დვალიშვილს ერგო, რომელიც მას ბატონი ჯამლეტის მეუღლე ევა ბაბალაშვილმა და სსჟა-ს ვიცე-პრეზიდენტმა თენგის პაჩკორიამ გადასცეს.

ნომინანტების გარდა, ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის საჩუქრები მედიის არაერთ წარმომადგენელს ხვდა. კერძოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხით გაზეთ “ლელოს” საპატიო რედაქტორი და სსჟა-ს საპატიო პრეზიდენტი თენგიზ გაჩეჩილაძე, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით - არჩილ გოგელია (85 წელი) და მიხეილ აბაიშვილი (55 წელი) დაჯილდოვდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ჟურნალ “ათიანის” რედაქტორ გია გორგოძეს 12 აგვისტოს, ზალცბურგში, პსჟ-ს და “ასტონ ვილას” შორის უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები, ხოლო სეოკ-ის გადაწყვეტილებითა და დაფინანსებით ახალგაზრდა ჟურნალისტ გიორგი ხარშილაძეს, გაზეთ “სარბიელის” აკრედიტაციით, ნოემბერში, დაკარში (სენეგალი) გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრები აკრედიტაციები გადაეცათ.

← მთავარი