თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბებაა, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება
[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, პირი ნაკლები ოდენობის თანხით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. მისივე თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად გამოვლინდეს და ამ გამოვლენილ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაცული იყოს. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მძღოლების მხრიდან იმ წესების განუხრელად დაცვა, რაც კანონით არის განსაზღვრული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გააგრძელებს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად იქნას გამოვლენილი და ამ გამოვლენილ ფაქტზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება. წარმოდგენილი ცვლილებებით, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, ნაკლები ოდენობის თანხით, 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. შესაბამისად, დიფერენცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მცირე ტიპის გადაცდომაზე დაბალი ტიპის ჯარიმით მოხდეს რეაგირება, ხოლო მაღალი გადაჭარბების შემთხვევაში, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. დიფერენცირება საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულ სამართალდარღვევაზე ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება”, - განაცხადა დარახველიძემ. [ipn.ge]