"სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
ოკუპირებულ ცხინვალში საკადრო გადანაცვლებების შემდეგ რუსული მედიის, Коммерсантъ-ის (Ъ) წყარო ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციიდან ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის “სტატუსის სტრატეგიული საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა”.
წყარომ Ъ-სთან საუბარში თქვა, რომ მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის, პუტინის მრჩევლად გადაყვანა აღქმული უნდა იყოს როგორც მისი დაწინაურება: “თუ გსურთ, გათავაისუფლება დაწინაურების სახით დაუძახეთ”.
წყაროს თქმით, მარიონეტული ხელისუფლების ცვლილება განპირობებულია ოკუპირებულ რეგიონში არსებული სტაგნაციით.
“უკვე დრო მოვიდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის სტატუსის სტრატეგიული საკითხი და მისი მომავალი განვითარება. საჭიროა რაც შეიძლება მალე გამოსვლა ანკლავური მდგომარეობიდან პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამისთვის შეიცვალა კონსტიტუცია და გადაიხედა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლებისთვის დადგენილი ბინადრობის ცენზი.” - თქვა კომერსანტის წყარომ.
Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2026 წლის 9 მაისს, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმდა შეთანხმება ”რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაღრმავებული სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ”. დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმამაც დაარატიფიცირა, რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაიკავონ ე.წ. სახელმწიფო თანამდებობები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს - რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში.
2026 წლის 23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა, საკუთარი პოზიცია დატოვა და ვლადიმირ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. მის მოვალეობას დროებით შეასრულებს რუსეთის მოქალაქე და კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მარატ კამბოლოვი დაინიშნა.