← მთავარი
სპორტი

ზომერი და სამი ვეტერანი წავიდნენ. „ინტერმა“ 37 წლის მხითარიანთან კონტრაქტი გააგრძელა | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ზომერი და სამი ვეტერანი წავიდნენ. „ინტერმა“ 37 წლის მხითარიანთან კონტრაქტი გააგრძელა | Lelo.Ge

იტალიის ჩემპიონმა „ინტერმა“ რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ახალი სეზონიდან მილანურ კლუბში არ ითამაშებს შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მეკარე იან ზომერი. 37 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ზომერი „ინტერში“ 2023 წლიდან გამოდიოდა და ოთხი ტიტული მოიპოვა. 2025-26 წლების სეზონში მან 43 მატჩში 42 გოლი გაუშვა და 19 მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.

ასევე „ინტერი“ გამოეთხოვა სამ ვეტერან მცველს - 34 წლის სტეფან დე ვრეის, 38 წლის ფრანჩესკო აჩერბისა და 36 წლის მატეო დარმიანს.

სამივე ფეხბურთელს მილანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.

დე ვრეი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობდა, დარმიანი - 2021-დან, აჩერბი - 2023-დან.

ამასობაში, „ინტერმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივა ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანთან. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

37 წლის სომეხ ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„თავგადასავალი გრძელდება“, - წერია „ინტერის“ განცხადებაში.

მხითარიანი მილანურ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს. სულ მან „ინტერის“ მაისურით 187 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

← მთავარი