სომხეთი რუსული ბაზრის შეზღუდვების ფონზე ევროკავშირში ექსპორტს გეგმავს
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა მთავრობას წარუდგინა პროგრამა, რომელიც ადგილობრივი კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს გაუმარტივებს. ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებთან.
მინისტრის განცხადებით, სომხურ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის რეალური შანსი აქვთ: ექსპორტზე ორიენტირებული ხილი და ბოსტნეული ფლობს Global GAP-ის სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნად ითვლება.
მთავარ დაბრკოლებად ლოჯისტიკური ხარჯები რჩება. პაპოიანმა მარწყვის ექსპორტის მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ ევროპელ ფერმერებთან შედარებით სომეხ მწარმოებლებს გაცილებით მაღალი სატრანსპორტო ხარჯების გაღება უწევთ, რასაც ევროკავშირის საბაჟო მოსაკრებლები ემატება.
„ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებს. ახლა მთავარ პრობლემად ტრანსპორტირება რჩება, რის გამოც ექსპორტიორების მხარდაჭერის პროგრამა შევიმუშავეთ,” — განაცხადა მინისტრმა.
პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე ყვავილების ექსპორტისთვის დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარის, ხოლო პომიდვრისა და წიწაკის ექსპორტისთვის — თითოეულ შემთხვევაში 3,5 მილიონი დოლარის კომპენსაციაა გათვალისწინებული. პაპოიანის თქმით, სომხურ კომპანიებს შეეძლებათ პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში — საბერძნეთიდან გერმანიამდე.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და არსებული სავაჭრო შეზღუდვების საკითხი „უახლოეს პერიოდში შეიძლება გადაიჭრას.”