სომხეთის არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლებათ
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც სომხეთში მუდმივად ცხოვრობენ.
ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებამდე 48 დღით ადრე (ან ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში - 28 დღით ადრე) ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი წელი, ანუ 730 დღიდან არანაკლებ 366 დღისა, მუდმივად ცხოვრობდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ცვლილებების ავტორები პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის, სამოქალაქო შეთანხმების, დეპუტატები არიან. ინიციატივას მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
ოპოზიციური ფრაქცია სომხეთის დეპუტატებმა ადრე განაცხადეს, რომ მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებს ზღუდავს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია კანდიდატების შესახებ ან შესაძლოა გადაწყვეტილება იმ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენით მიიღონ, სადაც ცხოვრობენ. პარტიის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ასობით ათასი მოქალაქე მუდმივად უცხოეთში ცხოვრობს, ეს ქმნის პირობებს საარჩევნო პროცესზე “ჰიბრიდული ზემოქმედებისთვის”.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სააგენტო Reuters იუწყებოდა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები განიხილავდნენ გეგმას, რომლის მიხედვითაც რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში უნდა გაეგზავნათ, რათა ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ოპონენტებისთვის მიეცათ ხმა.
Reuters: იმპორტირებული ამომრჩევლები და ყალბი საიტები – რუსეთის ჩარევა სომხეთის არჩევნებში
ცნობისთვის, სომხეთის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემა აკრძალულია.