ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, განის ქალაქ სუჰუმიდან დელეგაცია ჩავიდა - "სოხუმი და სუჰუმი დაძმობილდნენ" (ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთს განიდან დელეგაცია ეწვია. სტუმრებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები სოხუმში ჩავიდნენ განის ქალაქ სუჰუმიდან და როგორც “აპსნიპრესი” წერს, “ამ ვიზიტის ფარგლებში, სოხუმი და სუჰუმი დაძმობილდნენ”
“გულწრფელად მიხარია, რომ ვმასპინძლობ განას რესპუბლიკის ამ გამორჩეულ წარმომადგენლებს აფხაზეთის მიწაზე. თქვენ გრძელი გზა გაიარეთ და დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განას რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ ერს აფრიკის კონტინენტზე, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა”, - თქვა შეხვედრისას ოლეგ ბარციცმა.
მისივე თქმით აფხაზეთი აქტიურად მუშაობს აფრიკის რიგ ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარებაზე ეკონომიკის, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში.