სოხუმი და განაში არსებული ქალაქი სუჰუმი დაძმობილდნენ – მარიონეტული აფხაზეთის საგარეო
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოხუმი და განაში არსებული ქალაქი სახელად სუჰუმი დაძმობილდნენ. დელეგაცია განიდან აფხაზეთში ქალაქ სოხუმის დაარსების 2510-ე წლისთვის მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
აფხაზური და რუსული წყაროები ამ დაძმობილებას სიმბოლურ დატვირთვას მატებენ იმ არგუმენტით, რომ განაში მდებარე ქალაქ სუჰუმსა და აფხაზეთის სოხუმს თითქოს “ერთი და იგივე სახელი” ჰქვია. სინამდვილეში ეს დამთხვევა მხოლოდ რუსულ ენაში არსებობს - რუსულად ორივე Сухум-ად იწერება. ლათინური ტრანსლიტერაციით სახელები ასე გამოიყურება: სოხუმი - Sukhum და სუჰუმი - Suhum.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ ჩავიდა აფხაზეთში, რადგან განას რესპუბლიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. განური დელეგაციის სათავეში იყო პირი სახელად ბარიმა ამოაკო დარკო, რომელიც აფხაზურმა წყაროებმა ქალაქ სუჰუმის “მეფედ” მოიხსენიეს. სინამდვილეში ის ქალაქ სუჰუმის ტრადიციული ბელადია - ფლობს ე.წ. Akyempimhene-ს ტიტულს. ის არც განას ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს და არც სუჰუმის მუნიციპალურ ასამბლეას. განაში ტრადიციულ ბელადებს კონსტიტუციით პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალებათ და საგარეო ურთიერთობებში რაიმე უფლებამოსილება არ გააჩნიათ.
შესაბამისად, ტრადიციული ბელადის მიერ ხელმოწერილი “დაძმობილების” დოკუმენტი არც სუჰუმის მუნიციპალიტეტს და მით უმეტეს არც განას რესპუბლიკას ავალდებულებს რაიმეს და აფხაზეთის აღიარებას არ ნიშნავს.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მივესალმები განის რესპუბლიკის წარმომადგენლებს აფხაზეთის მიწაზე. თქვენ დიდი გზა გამოიარეთ და თქვენი დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. ჩვენ განას ვაფასებთ, როგორც აფრიკის კონტინენტის ძლიერ, სტაბილურ და განვითარებულ სახელმწიფოს, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს. ჩვენთვის პატივია ჩვენი განელი მეგობრების მიღება” - განაცხადა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა განური დელეგაციის მიღებისას.