სოხუმიდან გადარჩენილი ფირები: როგორ იპოვეს ფოტოებმა საკუთარი გმირები ნახევარი საუკუნის შემდეგ
„მამაჩემის მეგობარს აფხაზეთიდან წლების წინ წამოღებული რაღაც ძველი ფირები აქვს და ხომ არ გადახედავდი, იქნებ რამე ღირებული იყოსო“ - სთხოვა ერთ დღეს მეგობარმა გაბრიელ ჩუბინიძეს, თანამედროვე ისტორიის მკვლევარს, რომელიც დიდი ხანია უცნობ ფოტოარქივებს ეძებს, აგროვებს და იკვლევს.
ასე აღმოჩნდა მის ხელში სოხუმიდან წამოღებული და განადგურებას გადარჩენილი ასზე მეტი ფირი.
ფოტოებზე, მათი დასკანერების შემდეგ, მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში გადაღებული, ერთი ოჯახის და მათი სამეგობროს თავგადასავალი აღმოჩნდა.
„ეს რომ ერთი ოჯახი, ან ერთი სამეგობრო ან ერთი პროფესიით დაკავშირებული ადამიანები იყვნენ, ადვილი მისახვედრი იყო, რადგან ფირებზე ადამიანები მეორდებოდნენ. ვხედავდი ბავშვს, რომელიც ამ ფოტოებში დაიბადა და იზრდებოდა და მეორდებოდა მისი სახელიც - კოტე. ის ხან ბიჭვინთაშია, ხან სოხუმში, ხან ხევსურეთში ჰყავთ ექსპედიციაში წაყვანილი, ხან ბაკურიანში არიან, ხან ერთ-ერთ ძველ თბილისურ ეზოში თამაშობს თანატოლებთან“, - გვიყვება გაბრიელ ჩუბინიძე, რომელიც ყოველი ახალი ფირის გამჟღავნების და ფოტოების ნახვის შემდეგ, ამ ადამიანებთან ერთად მოგზაურობდა.
ამ ფირებზე სოხუმსა და ბიჭვინთაში გადაღებული უამრავი ფოტო აღმოჩნდა.
მაგრამ ვინც იყვნენ ეს ადამიანები - რა ჰქონდათ მათ საერთო? - ეს ჯერ კიდევ არ იყო ნათელი.
აკვირდებოდა, როგორ მიდიოდა ეს სამეგობრო ლაშქრობაში, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში. როგორ შლიდნენ მთებში კარვებს. მუშაობდნენ. ისვენებდნენ. თან ფოტოებს იღებდნენ. ხან თვითმფრინავში სხედან, ხან მთის მწვერვალე დგანან. ახალ წელს ხვდებიან, თხილამურებით სრიალებენ.
ერთ ფირზე თბილისიდან ბაქომდე მოწყობილი ველოგარბენის ფოტოები აღმოჩნდა. მასში მონაწილე ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ - არ უნდა ყოფილიყო პატარა მოვლენა.
ფოტოებს ახლავს წარწერა: თბილისი-კახეთი-ბაქო, რომელშიც ათობით ახალგაზრდა მონაწილეობს - გოგოებიც, ბიჭებიც.
ზოგი ფოტოსერია მთლიანად საქართველოს მთიანეთს ეძღვნება - 60-70-ინი წლების ხევსურეთს, სადაც ჯერ კიდევ ბევრი ხალხი ცხოვრობს და რაც მთავარია - ბევრი ბავშვია.
რამდენიმე ფირი კი სოხუმსა და ბიჭვინთაშია გადაღებული. მოჩანს ახალი ათონი, სოხუმის სანაპირო, ზღვა. ქართველი და აფხაზი ბავშვები.
ხალხით სავსე სანატორიუმები და რაც მთავარია, ფოტოების უმრავლესობაში არის ამ ფირების “მთავარი გმირი” ბიჭი - კოტე, რომელიც ზოგან სულ პატარაა, ზოგან უკვე გაზრდილი.
„მელიქიშვილის ეზო“ - აწერია ერთ-ერთ ფირს და ის იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას ინახავს - ფოტოობიექტივში ყველაზე ხშირად მაინც ბავშვები ხვდებიან.
სხვა ფირზე - ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ექსპედიციაში მიემგზავრება - მოგვიანებით გაირკვევა, რომ ეს კავკასიის მინერალოგიის ინსტიტუტის (КИМС) სამეგობროა. ამ ინსტიტუტს თბილისის გარდა, სოხუმშიც ჰქონდა ფილიალი - ფოტოფირებიც ინსტიტუტის იქაური შენობის სარდაფში ასე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ფოტოები გაამჟღავნეს, ფირები კი იქ დარჩა.
რადგან უფრო მეტი კითხვა ჰქონდა, ვიდრე პასუხი, გაბრიელ ჩუბინიძემ გამჟღავნებული ფოტოები, მათ შორის, ადამიანები თბილისური ეზოებიდან, თავისი ინსტაგრამის გვერდზე, “ფრაგმენტების ციფრულ არქივზე” გამოაქვეყნა.
ვიღაცამ ამ ფოტოზე თავისი ბებია ამოიცნო, რომელიც ფოტოს გადაღების მომენტში, 1962 წელს 16 წლის იყო.
ვიღაცამ ჩრდილო კავკასიის კონკრეტული ადგილები იცნო.
სულ ბოლოს კი, კოტეს მესიჯი მოვიდა - ბიჭი ძველ ფოტოებზე, რომელიც ხან ზღვაზეა, ხან მთაში, ხან ახალდაბადებულია და ხან ეზოს ბავშვებთან თამაშობს, კონსტანტინე სტალინკი გამოდგა, ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტმედიის სპეციალისტი, რომელმაც გაბრიელს უამბო, რომ ამ ფოტოების ნაწილი მისი დედის გადაღებული იყო. ნაწილიც დეიდის. ფოტოებზეც მისი ოჯახი და სამეგობრო აღმოჩნდა.
დღეს ამ არქივის ნაწილი კოტეს ოჯახშიც ინახება, ოღონდ დაბეჭდილი სახით. ნაწილი კი, წლების შემდეგ მანაც პირველად ნახა.
ასობით ფირზე, რომელიც ახლა უკვე გაციფრულებულია და მხოლოდ საოჯახო ალბომებში აღარ იმალება, გეოლოგები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები არიან აღბეჭდილი - მეცნიერები, რომლებიც კავკასიის მინერალოგიის ინსტიტუტში მუშაობდნენ. ისევე, როგორც კოტეს დედა, დეიდა და მათი მეგობრები.
„მახსოვს, რომ ბაკურიანში იყო გეოლოგიური ტურბაზა, სადაც მეც დავყავდი დედას და მამას. ისიც მახსოვს, რომ კვლევით ინსტიტუტებს შორის ეწყობოდა ხოლმე რბოლა თხილამურებით სრიალში. მაშინ ბაკურიანი ნახევრად ცარიელი იყო, არც ამდენი შენობა იდგა და ეს მაგ ფოტოებზეც კარგად ჩანს“, - გვიყვება კოტე სტალინსკი.
ცხრა წლის ასაკიდან ხევსურეთშიც წაიყვანეს ექსპედიციაში - იქაურ ფოტოებზეც ასე აღმოჩნდა. იქ გეოლოგები მინერალებს იკვლევდნენ და ადგილზე კარგა ხნით რჩებოდნენ ხოლმე. ეს ფოტოებიც, მათ შორის, ხევსური ბავშვების, მაშინ არის გადაღებული. ფოტოებმა იმ დროის შატილი და ხევსურეთის სხვა სოფლებიც შემოინახა.
კოტე სტალინსკი გვიყვება, რომ ამ ხალხისთვის, საძილე ტომარა, ზურგჩანთა, წერაქვი და ფოტოაპარატი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
„დღეს ეს უკვე ანთროპოლოგიურადაც საინტერესო მასალაა - როგორ აცვიათ, როგორ გამოიყურებიან“ - ამბობს გაბრიელ ჩუბინიძეც.
კოტე სტალინსკი იხსენებს, რომ ხევსურეთში ხალხს მაშინ საგრძნობლად უჭირდა:
„გეოლოგების მიერ დატოვებულ ქურთუკებს ჭრიდნენ და უკერავდნენ ბავშვებს ტანსაცმელს. ისიც მახსოვს, რომ როცა ექსპედიცია ჩადიოდა, სულ ჩაჰქონდათ ტანსაცმელი და ტკბილეული და სოფელ-სოფელ არიგებდნენ“.
აფხაზეთი კი, სადაც კოტე ბაბუასთან ჩადიოდა დასასვენებლად, მისი ბავშვობის გამორჩეულად ბედნიერი ეპიზოდია - ბაბუა ბიჭვინთის ერთ-ერთი მშენებელი იყო და კოტესაც შეეძლო თავისუფლად ევლო დახურული სანატორიუმის ტერიტორიაზე - მისთვის ყველა კარი ღია იყო.
ბოლოს კოტე იქ 1987 წელს იყო ჩასული -მას შემდეგ თავისი ბავშვობის ადგილები აღარ უნახავს.
„შეიძლება, პატარა რომ ვიყავი, ყურადღებას არ მაქცევდნენ. ან ბაბუაჩემის ფაქტორიც იყო. თუმც კი, ყველა შესაძრომ-გამოსაძრომი ადგილი ვიცოდი… კარგად მახსოვს, სანატორიუმთან გალიფე შარვალში ჩაცმული კარისკაცი იდგა, ფაფახიანი აფხაზი, რომელიც იქ შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებდა“.
იმ პერიოდში ბიჭვინთაში ტურისტები ძირითადად მაშინდელი გდრ-დან, პოლონეთიდან, უნგრეთიდანაც ჩადიოდნენ.
კოტე იხსენებს, რომ ყვინთვა სწორედ ბიჭვინთაში ისწავლა, რომ დამსვენებლების მიერ, გასასეირნებელი კატარღიდან ზღვაში ჩაყრილი ფპენინგები და სხვა უცხოური ხურდა ფული ამოეკრიბა ხოლმე.
„დღესაც მაქვს ის ხურდები სახსოვრად შენახული… მაგრამ აფხაზი ბავშვები უფრო კარგად ყვინთავდნენ ხოლმე, ჩემზე მაგრები იყვნენ ამ ამბავში… ზოგთან ვმეგობრობდი კიდეც და ჩემი პირველი შეყვარებულიც აფხაზი იყო - ჭორფლიანი, ლამაზი გოგო ესმა“…
ერთხელ, სულ პირველად, ახალი ათონის სანახავად წასულმა, ნანახით აღფრთოვანებული რუსი ტურისტების ფრაზა მოისმინა - „ეს ყველაფერი აფხაზებმა გააკეთესო?“
სახლში დაბრუნებულმა ბაბუას ჰკითხა, აფხაზები ვინ არიანო…
ბოლოს აფხაზეთში 1987 წელს იყო დასასველებლად ჩასული. ეროვნული მოძრაობა უკვე იწყებოდა…
თბილისური ეზოს ფოტოსერია ძირითადად ორ ადგილასაა გადაღებული - საბჭოს მოედანსა და მელიქიშვილის ქუჩის ეზოში.
ეს ეზოები და სახლები ნაწილობრივ უკვე შეცვლილია, ამიტომ ეს დაჭერილი წამები ახლა განსაკუთრებულად ძვირფასი გახდა.
„ბევრი შეძლებული და ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა ჩვენს ეზოში, მაგრამ არ მახსოვს, რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი გვცმოდა. ყველა ერთად ვიყავით, ერთნაირები და ერთად ვთამაშობდით“, - იხსენებს კოტე სტალინსკი.
რატომ გახდა ოჯახური ფოტორქივები დღეს ასე ძვირფასი - ვკითხეთ გაბრიელ ჩუბინიძეს, რომელმაც თავის არქივში უკვე ასობით ასეთი ფოტო მოაგროვა.
იმიტომ, რომ დრო გადის, ძველ ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ვინაობა ავიწყდებათ. ხშირად მთელი ალბომები ხვდება სანაგვეზე.
მაგრამ როგორც ისტორიის მკვლევარი გვეუბნება, ზუსტად ასეთ არქივებშია ხოლმე შესაძლებელი პასუხების პოვნა:
„ჩემი მოტივაციაც ეს არის ხოლმე, როცა უზარმაზარ არქივს მივადგები და სათითაოდ ვაციფრულებ, რომ დავინახო ის კადრები, რაც არასოდეს ჩანს საბჭოთა პერიოდის ოფიციალურ ფოტოგრაფიაში… მაგალითად, თბილისური ეზოების ფოტოებში ძალიან დამაინტერესა კედლის წარწერებმა - ერთ ერთ ფოტოზე ფაშისტური „სვასტიკაა“ მიახატული - მაშინვე დავფიქრდი, რატომ უნდა დახატო ეს ნიშანი ქვეყანაში, თან ომის მერე არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, სადაც ყოველი მეხუთე ადამიანი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო?
ჩემი ვერსიით, ეს, შესაძლოა ყოფილიყო ადამიანების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობის ფორმა… არ შეიძლება ფაშიზმი მოგწონდეს, მაგრამ შესაძლოა, ფიქრობდე, რომ თუ რადიკალურად საწინააღმდეგო მხარეს აირჩევ, ამით არსებულ სისტემას შეეწინააღმდეგები…იქნებ ეს „სვასტიკაც“ ასეთი ყოველდღიური წინააღმდეგობის ნაბიჯი იყო ვიღაცის მხრიდან? იქნებ, იცოდა, როგორ ეზიზღებოდათ ის კონუმისტებს? შეიძლება ეს ვირაცის ირაციონალური პროტესტის ფორმა იყო? ეს მხოლოდ ინტერპრეტაციაა, მაგრამ მსგავს სურათს ხომ ვერასოდეს ვნახავდით იმ პერიოდის ოფიციალურ ფოტოგრაფიაში? და ვერც ამ დაშვებებს გავაკეთებდით“.
გაბრიელ ჩუბინიძე ამბობს, რომ ბევრმა ფოტომ ჩვენს მეხსიერებაში უკვე გამქრალი და დავიწყებული სურათებიც აღადგინა. თუნდაც ადგილები აფხაზეთში, სადაც დღეს ქართველებს ჩასვლა არ შეუძლიათ. ამ ადგილების დიდი დღეს უკვე საგრძნობლადაა შეცვლილი.
„როცა მამაჩემი მიყვებოდა ხოლმე თავის ისტორიებს საბჭოთა წარსულიდან, მე სულ მაინტერესებდა როგორი იყო ამ ამბების ვიზუალური ნაწილი და აი, ეს არქივებია ამაზე პასუხი. ამ ფოტოებში ჩანს ადამიანების ნამდვილი ცხოვრება - თუნდაც ის, როგორ მიდიან ჩემხელა ადამიანები დასასვენებლად ბიჭვინთაში. ომის შემდეგ აფხაზეთიდან პირადი არქივების დიდი ნაწილი იქვე დარჩა, დაიწვა ან დაიკარგა. ამიტომ ყველა ფოტო არის გამორჩეულად ძვირფასი. თუ ეს ფოტოებიც დაიკარგება, იმ ადგილების შესახებ ჩვენი მეხსიერებაც საბოლოოდ გაქრება“.
“სოხუმური ფირების” ისტორია აჩვენებს, რა ძალა აქვს პირად, საოჯახო არქივებს. ხშირად, დავიწყებულ ფოტოებთან მიბრუნება საკმარისია იმისთვის, რომ იქ ცენზურისგან თავისუფალი, რეალური წარსული იპოვო.