← მთავარი
საზოგადოება

გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოციალური დახმარება შეუწყდა

25 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოციალური დახმარება შეუწყდა

გადამოწმებული ოჯახების ნახევარს საარსებო შემწეობა შეუწყდა — ასე ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მისი განმარტებით, ეს ოჯახები სიღარიბეს გადაულახავს და „ამ წუთას აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში”.

გადამოწმების პროცესი 20 თებერვლიდან დაიწყო. სოციალურად დაუცველთა ბაზაში 158 ათასი ოჯახი ირიცხებოდა — ჯამში 700 ათასი ადამიანი.

ახალი წესი

საქართველოს მთავრობის 7 მაისის დადგენილებით, სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში 1 250 ლარს ან მეტს შეადგენდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური აგენტი რომ მისულიყო, ოჯახი ძალიან დიდი ალბათობით ისედაც ეს დახმარებას დაკარგავდა”, — განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ოჯახებს, რომლებიც გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან, გასაჩივრების უფლება აქვთ.

კობახიძის განცხადება

სტატუსის გადახედვის საჭიროებაზე „ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში საუბრობდა. მაშინ მან განაცხადა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო ოთხ წელიწადში განახევრდა.

„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობაა — ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას”, — თქვა მან.

კრიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ერთ-ერთ ბოლო კვლევაში წერს, რომ „სოციალური დახმარების სისტემა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ გულისხმობს — ამ სისტემის მეშვეობით სახელმწიფო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აკონტროლებს, აფიქსირებს მათ ქცევებს და აყალიბებს მორჩილ მოქალაქეს”.

← მთავარი