← მთავარი
სამართალი

დაეუფლნენ ₾1 008 013-ს - სმაილ თრეველ ჯორჯიას დირექტორს და თანამშრომელს პატიმრობა მიესაჯათ

30 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
დაეუფლნენ ₾1 008 013-ს - სმაილ თრეველ ჯორჯიას დირექტორს და თანამშრომელს პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის ცნობით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სმაილ თრეველ ჯორჯიას დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტურისტული კომპანია სმაილ თრეველ ჯორჯიას დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება.

კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზება დაუკვეთეს, რაც ორმხრივი ავიაბილეთების, ტრანსფერის, სასტუმროში განთავსების, სამოგზაურო დაზღვევის, ბარგის და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების უზრუნველყოფას მოიცავდა. ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს მითითებული მომსახურების განხორციელება და მოტყუებით დაეუფლნენ 200-მდე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით, ჯამში - 1 008 013 ლარს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ.” - წერია უწყების განცხადებაში.

დაეუფლნენ 3 მილიონამდე ლარს – 3 საქმეზე POG-მა 4 პირი დააკავა, 1-ის მიმართ დევნა დაიწყო

← მთავარი